ისტორიაში პირველად საქართველო ტოიოტა ჩელენჯის მეორე ეტაპს მასპინძლობს, რომელიც თბილისის თასის სახელით 24 სექტემბრიდან 4 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება.
წარმომადგენლობით ტურნირში სულ ექვსი ძლიერი გუნდი ჩაება, საიდანაც სამი კლუბი სამხრეთ აფრიკული, სამი კი ევროპულია.
ავჭალის სტადიონი მზად არის უმასპინძლოს ისეთ ცნობილ კოლექტივებს, როგორებიც არიან ბლუმფონტეინის ტოიოტა ჩიტაზი, მბომბელას აირლინკ პუმასი, კიმბერლეის სუზუკი გრიქასი, პორტუგალიური ლუზიტანუში, ესპანური იბერიანსი და ქართული ფრენჩაიზი შავი ლომი.
თითოეულ სათამაშო დღეს მაყურებელი სამ დაძაბულ და სანახაობრივ დაპირისპირებას იხილავს, სადაც ევროპული და აფრიკული რაგბის სტილი ერთმანეთს დაუპირისპირდება.
ქართული გუნდისთვის ჯგუფური ეტაპი საკმაოდ დატვირთული იქნება და პირველ მატჩს შავი ლომი 24 სექტემბერს, საღამოს რვა საათზე გრიქასის წინააღმდეგ გამართავს. მომდევნო შეხვედრა გუნდს 29 სექტემბერს, ხუთ საათზე პუმასის წინააღმდეგ ელის, ხოლო ტურნირის დასკვნით დაპირისპირებაში შავი ლომი 4 ოქტომბერს, რვა საათზე ჩიტასის შეხვდება.
