ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუის დე ლა ფუენტემ ნოემბრის სანაკრებო მატჩებამდე, როცა მისი გუნდი საქართველოსა და თურქეთს შეხვდება, პრესკონფერენცია გამართა.
ფურია როხას დამრიგებელი იამალი-კარვახალის კონფლიქტს, იმავე იამალის კონდიციებსა და ნაკრებში გამოძახებასა და მოახლოებული ორი შეხვედრის მნიშვნელობას შეეხო.
"ბრიუგესთან გამოჩნდა, რომ ის შესანიშნავ ფორმაშია და მისმა მწვრთნელმაც თქვა, რომ ფეხბურთის სათამაშოდ მზადაა. ის იბრუნებს იმ საფეხბურთო დონეს, რაც ყოველთვის ჰქონდა და ჩვენ მიზანშეწონილად მივიჩნევთ, რომ ნაკრებში იყოს.
მსოფლიო ჩემპიონატზე გასასვლელად, ორი უაღრესად მნიშვნელოვანი მატჩი გველოდება, ფსონები უზარმაზარია და საუკეთესო მოთამაშეების გამოყვანა გვჭირდება.
საქართველოსთან მატჩში რაც არ უნდა მოხდეს, მომდევნო შეხვედრაში ძლიერი გუნდის გამოყვანა გვმართებს. გადამწყვეტი ორი თამაშია და ორივე მათგანის მოგებაზე უნდა ვიფიქროთ. ჩვენ მსოფლიოს პირველ ნაკრებად დარჩენა გვსურს.
რაც შეეხება ელ კლასიკოსა და მის თანმდევ ამბავს, ამ ყველაფერზე პირველი გამახსენდა ის კადრი, როცა დანი კარვახალმა ხორვატიასთან გოლი გაიტანა და ლამინი მას ეხუტებოდა. ჩვენ აქ დიდი ოჯახი გვაქვს და არანაირი პრობლემა არ არსებობს.
მორატა ჩვენთვის მნიშვნელოვან ფეხბურთელად რჩება და ის მომავალშიც გამოგვადგება. უბრალოდ, ახლა სხვა მოთამაშეების ნახვა გვსურდა. მასთან მიმართებით ყველაფერი რიგზეა და ვითარებას სრულად აანალიზებს", - აღნიშნა 64 წლის სპეციალისტმა.
ფურია როხას ნოემბრის შეხვედრებში პედრი, დანი კარვახალი, რობინ ლე ნორმანი და ნიკო უილიამსი ვერ დაეხმარება.
დე ლა ფუენტეს გუნდი 15 ნოემბერს თბილისში ითამაშებს, 18-ში კი თურქეთს სევილიის ლა კარტუხას სტადიონზე მიიღებს.