სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
პარიზის 2024 წლის პარალიმპიადა დასრულდა, საქართველოსთვის კი აღნიშნული თამაშები ისტორიული აღმოჩნდა. ჩვენმა დელეგაციამ საფრანგეთის დედაქალაქში 9 მედალი მოიპოვა, რაც ჩვენთვის რეკორდული მაჩვენებელია. აქამდე პარალიმპიადებზე ჯამში გვქონდა 4 მედალი, ახლა კი ჩვენმა პარასპორტსმენებმა ერთბაშად 9 მედალი მოიპოვეს.
აღსანიშნავი ფაქტია, რომ პარიზში საქართველოს დელეგაციაში სულ 14 პარასპორტსმენი იყო, საიადაც ცხრამ მედლის მოპოვება მოახერხა, რაც ასევე უდიდესი მიღწევაა.
პარა ტაეკვანდოში -52 კგ. წონით კატეგორიაში საქართველოს სახელით ანა ჯაფარიძე წარსდგა და ბრინჯაოს პრიზიორი გახდა. ქართველმა მე-3 ადგილისთვის ბრძოლაში ეგვიპტელი მეტოქე დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა. ჯაფარიძემ ასპარეზობა 1/8 ფინალიდან დაიწყო, ის აშშ-ს სახელით მოასპარეზე აგილა რამოსს დაუპირისპირდა და მეტოქეს 22-2 სძლია. 1/4 ფინალში ანას მეტოქე თურქი მერიემ ჩავდარი იყო, რომელსაც 7-6 მოუგო და პარიზის პარალიმპიადის 1/2 ფინალში გავიდა, სადაც ირანელ ზაჰრა რაჰიმისთან 6-0 დამარცხდა. ეგვიპტელის დამარცხებით 19 წლის ანა ჯაფარიძემ საქართველოს პარიზში პირველი მედალი მოუტანა.
ბირთვის კვრაში საქართველოს სახელით გიგა ოჩხიკიძე წარსდგა. ქართველმა 9.66 მეტრი დააფიქსირა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა. რა თქმა უნდა, ეს შედეგი ჩემპიონობისთვისაც საკმარისი აღმოჩნდა და ოჩხიკიძემ პარიზის პარალიმპიადაზე საქართველოს პირველი ოქრო მოუტანა. თუმცა, მოგვიანებით, მაროკოს და პოლონეთის დელეგაციების გაპროტესტების შედეგად, ქართველს მედალი ჩამოართვეს და გამარჯვებულად მაროკოელი სპორტსმენი გამოაცხადეს. შექმნილ ვითარებას არ დაეთანხმა ქართული დელეგაციაც, რომელმაც ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა და დაამტკიცა, რომ ოჩხიკიძემ მედალი სრული წესების დაცვით მოიპოვა.
საქართველოს დელეგაციას მე-3 მედალი ნინო თიბილაშვილმა მოუპოვა. პარამოფარიკავე ბრინჯაოს პრიზიორი გახდა. მე-3 ადგილისთვის ბრძოლაში ქართველმა ფრანგი ბრიანა ვიდე 15-11 დაამარცხა. პირველ შეხვედრაში ნინომ სამხრეთ კორეელ კიონ ჰიო კვონს სძლია დამაჯერებლად 15-5. 1/4 ფინალურ ეტაპზე თიბილაშვილი ჰონგ კონგელ ჩუი იუს დაუპირისპირდა და მეტოქე მარტივად 15-4 დაამარცხა. 1/2 ფინალში ქართველი პარამოფარიკავე ჩინელ ჰაიან გუსთან 15-6 დამარცხდა და რეპეშაჟში გადაინაცვლა, სადაც უკრაინელ ნატალია მორკვიჩს ბრძოლაში 15-14 სძლია. ნინო თიბილაშვილმა კარიერაში მე-2 ოლიმპიური მედალი მოიპოვა. ის ტოკიოში ვერცხლისმედალოსანი გახდა.
საქართველოს მე-4 მედალი პარასპორტსმენმა ვლადიმერ ჭინჭარაულმა მოუტანა, რომელიც შაშხანიდან 50 მ. სროლაში ვერცხლისმედალოსანი გახდა, მას ოქროს მედლამდე ცოტა დააკლდა.
პარაძიუდოში კაცთა -60 კგ. წონით კატეგორიაში საქართველოს სახელით ზურაბ ზურაბიანი წარსდგა. მან ასპარეზობა 1/4 ფინალური ეტაპიდან დაიწყო, სადაც ჩილელი იოჰან ერერა ვაზარით დაამარცხა. 1/2 ფინალში ქართველის მეტოქე ალჟირელი იშაკ ულდკუიდერი იყო. შეხვედრის ბედი გაფრთხილებებმა გადაწყვიტა და ზურაბიანი ფინალში გავიდა, სადაც უზბეკ შერზოდ ნამოზოვს შეხვდა. ფინალურ ბრძოლაში უზბეკმა ვაზარით იმარჯვა, ზურაბიანი კი ვიცე-ჩემპიონი გახდა.
ქალთა -70 კგ. წონით კატეგორიაში 1/4 ფინალიდან ასპარეზობა დაიწყო ინა ქალდანმა, რომელმაც პირველ შეხვედრაში ბრაზილიელი კელი ვიქტორიო დაამარცხა და 1/2 ფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე ჩინელი იუ ვანგი იყო. ქართველი ჩინელთან იპონით დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში გადაინაცვლა. მე-3 ადგილისთვის დაპირისპირებაში ინას მეტოქე ყაზახი აიალა მერეკე იყო, რომელიც ვაზარით დაამარცხა და კარიერაში მე-2 ოლიმპიური მედალი მოიპოვა. ინა ქალდანი ტოკიო 2020-ის ვერცხლის პრიზიორია.
კაცთა -73 კგ. წონით კატეგორიაში ასევე 1/4 ფინალური ეტაპიდან ჩაერთო გათამაშებაში გიორგი ქალდანი, რომელმაც რუმინელი დანიელ ვარგოჩკი იპონით დაამარცხა, 1/2 ფინალში ქართველის მეტოქე უზბეკი უჩკუნ კურანბაევი იყო, რომელსაც ასევე იპონით სძლია და პარალიმპიადის ფინალში გავიდა, სადაც მისი მოწინააღმდეგე იაპონელი იუჯირო სეტო იყო. ქართველმა ფინალში მარცხი განიცადა და ვერცხლის პრიზიორი გახდა. ინა და გიორგი ქალდანები ცოლ-ქმარი არიან და მათი ამბავი ამ მხრივ განსაკუთრებით გამოსარჩევია.
+90 კგ. წონით კატეგორიაში საქართველოს სახელით რევაზ ჩიკოიძე წარსდგა, რომელმაც ასპარეზობა 1/4 ფინალიდან დაიწყო და ინდონეზიელი ტონი რიკარდო მანტოლასი იპონით დაამარცხა. 1/2 ფინალში ჩიკოიძის მეტოქე ყაზახი ჟურკამირზა შუკურბეკოვი იყო, რომელსაც ასევე იპონით სძლია და ფინალში გავიდა, სადაც თურქ იბრაჰიმ ბოლუქბაშისთან დამარცხდა და ვერცხლის მედალი მოიპოვა.
პარიზში მე-9 და ბოლო მედალი საქართველოს აკაკი ჭინჭარაძემ მოუტანა, რომელმაც პარაწოლჭიმში ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა. ქართველმა 250 კგ. დააფიქსირა და ვერცხლისმედალოსანს 1 კილოგრამით ჩამორჩა.
საბოლოოდ ჩვენი დელეგაციის მონაგარი 2024 წლის პარალიმპიადაზე ასეთია - 1 ოქრო, 4 ვერცხლი და 4 ბრინჯაო. ამ მაჩვენებლით საქართველომ ქვეყნების საერთო ჩათვლაში 51-ე ადგილი ახალ ზელანდიასთან გაიყო, რომელსაც იდენტური შედეგი ჰქონდა.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები