სატრანსფერო ბაზარზე ახალი ელ კლასიკოა მოსალოდნელი.
The Athletic-ის ინფორმაციით, მადრიდის რეალი და ბარსელონა ზაფხულში ვიქტორ მუნიოსის ხელში ჩასაგდებად იბრძოლებენ.
ფეხბურთელის ისტორია საკმაოდ საინტერესოა: ის ბარსას აკადემიის აღზრდილია (2014-2017), თუმცა 2021 წელს რეალს შეუერთდა. მისი დებიუტი მადრიდელთა მთავარ გუნდში სწორედ ბარსელონას წინააღმდეგ შედგა 2025 წლის მაისში, როდესაც ვოიცეხ შჩესნისთან პირისპირ დარჩენილმა ანგარიშის გათანაბრების (4:4) შანსი ვერ გამოიყენა.
ამჟამად მუნიოსი ოსასუნაში თამაშობს, სადაც გასულ ზაფხულს გადავიდა. რეალმა მისი გამოსყიდვის უფლება დაიტოვა, რომელიც მომდევნო სამი სეზონის განმავლობაში იმოქმედებს. გამოსასყიდი თანხა დაახლოებით 8 მილიონ ევროს შეადგენს, რაც მის საბაზრო ღირებულებაზე (~20 მლნ ევრო) ბევრად ნაკლებია.
მადრიდელები, როგორც წესი, ფეხბურთელებს ერთ სეზონში არ აბრუნებენ, თუმცა მუნიოსის მაღალი რეიტინგის გამო, გამონაკლისს არ გამორიცხავენ.
რაც შეეხება ბარსელონას, კლუბის სპორტული დირექტორი დეკუ მას გუნდის შეტევის გაძლიერების კარგ ვარიანტად მიიჩნევს. კატალონიურ კლუბს იმედი აქვს, რომ მუნიოსისთვის გადამწყვეტი ფაქტორი ძველ მეგობრებთან — ლამინ იამალთან და ალეხანდრო ბალდესთან გაერთიანება იქნება.
ვიქტორ მუნიოსის დებიუტი ესპანეთის ნაკრებში გასულ თვეში შედგა, სადაც გოლის გატანაც მოახერხა. ის 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის განაცხადში მოხვედრის ერთ-ერთი კანდიდატია.
როგორც ჟურნალისტი მარიო კორტეგანა წერს, თავად ფეხბურთელის გარემოცვის აზრით, მუნიოსს მაღალ დონეზე თამაშის სტაბილური შანსი ბარსელონაში უფრო ექნება. თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ მის შეძენის პრიორიტეტი მადრიდულ კლუბს აქვს, კამპ ნოუზე ვიქტორის გადაბარგება ამ ეტაპზე ნაკლებად სავარაუდო ჩანს.