-
Aa
+
ფონტის ზომა
მოგესალმებით, მე ნიკა შაქარაშვილი ვარ. ვიცი, ეს სახელი არაფერს არ გეუბნებათ, მაგრამ უბრალოდ მინდა გითხრათ, რომ დღეს, 2024 წლის 10 ოქტომბერს, ჩემთვის ოფიციალურად დასრულდა ცხოვრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, უსაყვარლესი და უდიდესი ეტაპი - დიდი სპორტიდან წასვლა დააანონსა ისტორიაში ერთ-ერთმა საუკეთესო სპორტსმენმა: რაფაელ ნადალმა.
ასეთი ტიპის ტექსტის წერას მიჩვეული არ ვარ, ამიტომ თხოვნაა, მკაცრადაც ნუ შემაფასებთ, მაგრამ მინდა ჩემი თვალით დანახული რაფა ნადალის შესახებ გიამბოთ, რომელთან ერთადაც, არ მომერიდება ამ სიტყვის, გავიზარდე.
ვისთანაც დიდხნიანი ურთიერთობა, მეგობრობა ან ნაცნობობა მაკავშირებს, ყველამ იცის, რამდენს ნიშნავდა ჩემთვის ყოველთვის რაფა ნადალი.
რაფა ნადალი არასდროს ყოფილა ჩემთვის უბრალო სპორტსმენი, რომელსაც ვქომაგობდი. 11 წლის ვიყავი, ნტვ ტენისზე რომ გადავრთე და დავინახე ჩოგბურთელი "რემბო" მაისურით, გრძელი ბრიჯებით და კოკერ-სპანიელის ყურებივით გრძელი თმებით. მე და რაფა ნადალი ერთად გავიზარდეთ, რაფა ნადალმა უამრავი ადამიანი გამაცნო და არაერთთან დღემდე თითქმის ოჯახური ურთიერთობა მაკავშირებს.
ბრძოლის, შეუპოვრობის, არ დანებების და თავის საყვარელ საქმეზე თავდადების მაგალითი. თუ რაიმე საქმეში წარმატებისაკენ მიმავალ გზაზე ხელი გეშლება, უბრალოდ გადახედე რაფა ნადალის კარიერულ გზას - ადამიანის, რომელაც მუხლის პრობლემების გამო ბავშვობიდანვე ურჩიეს, სპორტსმენობაზე არ ეფიქრა, მაგრამ ის არ დანებდა, ბოლომდე იბრძოლა და უბრალოდ სპორტსმენი კი არა, ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო სპორტსმენიც კი გახდა ისე, რომ გზად უამრავი, დაუჯერებლად ბევრი დაბრკოლება შეხვდა. არცერთ დიდ მოთამაშეს არ გამოუტოვებია ამდენი მთავარი ტურნირი და არ დატანჯულა ტრავმებისგან ისე, როგორც რაფა.
ძალიან ბევრჯერ ასამარებდნენ, შანსს აღარ აძლევდნენ, მაგრამ 8-9-10 თვიანი ჩავარდნების მერეც კი ბრუნდებოდა და ამტკიცებდა, თუ რატომ ქვია მას რაფა ნადალი და რატომ არის ბევრისთვის ისტორიაში საუკეთესო. მგონია, რომ ძალიან იღბლიანი ვარ, რომ მისი კარიერის საწყისი ნაბიჯებიდან დასასრულამდე მასთან ერთად მოვედი, არ მომერიდება და იმასაც ვაღიარებ რომ მისი წაგებების შემდეგ ბევრჯერ მიტირია, მასთან ერთად ვყოფილვარ 6-7 საათით ეკრანს მიჯაჭვული, ღამეები მითენებია და უთვალავი სიხარული და ბედნიერი წუთი უჩუქებია ჩემთვის და არამარტო. დღემდე ზეპირად ვიცი მისი ყველა გამარჯვება, მისი ყველა დიდი წარმატება თუ ლამაზად ჩაგდებული ქულა - ბევრიც რომ ვეძებო, ვერ ვიპოვი რაფას ისეთ ჰაილაითს, რომელიც ნანახი არ მაქვს და რომლითაც ისე არ მიამაყია, თითქოს ის ჩემი ოჯახის წევრი იყოს.
დღევანდელი დღესავით მახსოვს 2008 წლის უიმბლდონის ფინალი, რომლის დროსაც 13 წლის ვიყავი მამამ თბილისის ზღვაზე წამიყვანა, პირველი ორი სეტი ამის გამო ვერ ვნახე. მოვვარდი საღამოს, გიჟივით მივვარდი ტელევიზორთან და გაოცებული დავრჩი რომ 2:0-ს იგებდა სეტებში (იქამდე ზედიზედ ორი ფინალი ჰქონდა უიმბლდონზე ბალახის მეფესთან წაგებული და როჯერი თავის მე-6 უიმბლდონს უმიზნებდა) თუმცა, ჩემი მოსვლის შემდეგ როჯერმა დაიწყო დაქამბექება და საკუთარ თავსაც ვაბრალებდი.
მეხუთე სეტში რამდენჯერმე ნერვიულობისგან გარეთაც გავედი, არ შემეძლო ყურება, მაგრამ მაინც დავძლიე ნერვები და რა გახარებული ვიძინებდი იმ დღეს - რაფამ პირველი უიმბლდონი მოიგო! სხვა დიდი გამარჯვებების გახსენებითა და ჩემი რეაქციებით თავს არ შეგაწყენთ, თან იმდენი დიდი მოგება და საოცარი ქამბექი ჰქონდა ტრავმების შემდგომ, რომ მაგაზე წერას საერთოდ ცალკე სტატია სჭირდება.
ამიტომ ვთქვი, რომ რაფა ნადალი ჩემთვის არ არის და არასდროს ყოფილა უბრალოდ სპორტსმენი. პირადად ჩემთვის რაფა ცხოვრების ეტაპია, განუყრელი და დაუვიწყარი ეტაპი, რომელმაც ბავშვობაც გამილამაზა და ზრდასრულობამდეც გამომყვა და ტრავმიანობის ფონზეც კი, სიხარულს აქა-იქ მაინც მანიჭებდა და თავის სიდიადეს ამტკიცებდა.
უცნაური სპორტია ჩოგბურთი - ფეხბურთში იცი, რომ რაც არ უნდა მოხდეს, ვინც არ უნდა მოვიდეს თუ წავიდეს, შენი საყვარელი კლუბი სულ არის და სულ იქნება. ჩოგბურთში კი სხვანაირადაა - მიდის შენი ფავორიტი და რაღაც მხრივ, შენში ამ სპორტის სიყვარულს ანელებს. ყოველ შემთხვევაში დღეს ჩემთვის ნამდვილად ასეა, დღეს ჩემთვის ჩოგბურთი დამთავრდა, მიუხედავად ნოვაკის და ახალი თაობის უდიდესი პატივისცემისა.
მადლობა რაფა ნადალს, რომ ცხოვრების ამხელა ეტაპი და ამხელა პერიოდი გამილამაზა, ბევრი ადამიანი გამაცანი და ბრძოლა და საკუთარ საქმეზე თავდადების მაგალითი დამანახე. სპორტში შენზე დიდი ჩემთვის არასდროს, არავინ იქნება. და მიუხედავად იმისა, რომ ამ ტექსტს ცრემლის გარეშე ვერ ვწერ, მაინც ყოველთვის და ყველგან - ვამოს, რაფა!!!
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები