ბენფიკას მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ, ბრაგასთან ფრედ (2:2) დასრულებული მატჩის შემდეგ, საფირმო კომენტარი გააკეთა.
75-ე წუთზე მსაჯმა ლისაბონელთა მესამე გოლი არ ჩათვალა, რომელიც გუნდს გამარჯვებას მოუტანდა.
– ჩვენ მოვიგეთ 3:2. მე ჩემს საქმეს ვაკეთებ, მაქსიმალურად ვიხარჯები და სრულად ვუძღვნი თავს ამ საქმეს, თუმცა საკუთარი თავით ბოლომდე კმაყოფილი მაინც არ ვარ.
მეორე ტაიმი შესანიშნავი იყო და ჩვენ მოვიგეთ 3:2. რა თქმა უნდა ხვდებით, რომ ამას ირონიით ვამბობ. კარგი თამაში იყო, კარგი მეტოქე და „კარგი“ მსაჯობა.
– მსაჯობის გარეშე ბენფიკა მოიგებდა?
– რა თქმა უნდა. სამი სუფთა გოლი გავიტანეთ და რეალურად 3:2 მოვიგეთ. თუმცა კიდევ ერთხელ ვიტყვი – მსაჯობა მომეწონა. ვაღიარებ, ასეთი მატჩების განსჯა რთულია ტემპისა და ინტენსივობის გამო.
მსაჯობა მომეწონა. როდესაც მთავარმა არბიტრმა შეცდომა დაუშვა, რომელმაც მატჩის ბედი გადაწყვიტა, მას VAR-ის მსაჯმაც დაუჭირა მხარი.
ფეხბურთში ასეთი უცნაური რამეები ხდება – ზოგი კლუბი შეცდომების ხარჯზე იგებს, ზოგი კი ქულებს კარგავს, – განაცხადა მოურინიომ.
ბენფიკა სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა და სპორტინგს 5 ქულით ჩამორჩება, პორტუს კი – 7 ქულით, რომელსაც ერთი მატჩი მარაგში აქვს.