ბრაზილია მსოფლიო ჩემპიონატს გამოეთიშა.
1/8 ფინალურ ეტაპზე მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი ნორვეგიას დაუპირისპირდა და დაძაბულ შეხვედრაში 1:2 დამარცხდა.
პირველი ტაიმი უგოლო ფრედ დასრულდა, მიუხედავად იმისა, რომ მატჩის მე-13 წუთზე მათეუს კუნიამ პენალტი მოიპოვა და ბრაზილიას წინ გასვლის კარგი შანსი მისცა. თუმცა, თერთმეტმეტრიანი ბრუნო გიმარაეშმა შეასრულა და მეკარეს ვერ აჯობა.
მეორე ნახევარში თანაბარი ბრძოლა მიმდინარეობდა, ბრაზილია გოლთან რამდენჯერმე ახლოსაც იყო, თუმცა სამხრეთამერიკელებმა საკუთარი შანსები ვერ გამოიყენეს, შემდეგ კი ავანს-სცენაზე ერლინგ ჰალანდი ავიდა, როცა 79-ე და 90-ე წუთებზე დუბლი შეასრულა და თავის გუნდს გამარჯვება გაუნაღდა.
მსაჯის მიერ კომპენსირებულ წუთებზე ბრაზილიელებმა მეორე პენალტი მოიპოვეს, რომელიც ამჯერად ნეიმარმა ზუსტად შეასრულა, თუმცა მეტის გასაკეთებლად ბრაზილიას დრო აღარ დარჩა.
ბრაზილია მსოფლიო ჩემპიონატს კვლავ ევროპული ნაკრებისგან გამოეთიშა, რაც სტაბილურად ხდება 2002 წლის მუნდიალის შემდეგ. გარდა ამისა, გაგრძელდა პენტაკამპეონების წარუმატებელი სერია ნორვეგიასთანაც, რომელიც ისტორიაში არასდროს არ დაუმარცხებიათ და ამით ის ერთადერთი ევროპული ნაკრებია (5 მატჩი, 3 მოგება, 2 ფრე).
აქვე იმასაც გეტყვით, რომ 1/8 ფინალიდან ბრაზილია მსოფლიო ჩემპიონატს 1990 წლის შემდეგ პირველად გამოეთიშა.
ნორვეგია ისტორიაში პირველად გავიდა ტურნირის 1/4 ფინალში, სადაც ინგლისსა და მექსიკას შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.