-
Aa
+
ფონტის ზომა
ესპანეთში ამბობენ, რომ „რეალის“ სტადიონი „სანტიაგო ბერნაბეუ“ მადრიდული ფეხბურთის დიდებული საღამოებისთვის შეიქმნა, მაგრამ 2006 წლის 21 თებერვალს იგი მასპინძელთათვის ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ცუდად გასახსენებელ მატჩის ასპარეზად იქცა.
არსენ ვენგერის გაწვრთნილი „არსენალი“ მერვედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრას საოცარი შემადგენლობის მქონე გრანდის წინააღმდეგ და ერთი შეხედვით, აშკარა აუტსაიდერის სტატუსით შეხვდა.
პრემიერ ლიგის ლეგენდარული, წაუგებელი სეზონიდან ორი წლის თავზე, ფრანგმა სპეციალისტმა „უძლეველთა“ შემადგენლობის რამდენიმე წევრის წასვლით გამოწვეული რთული პერიოდი გადალახა. მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა იმან, რომ ლონდონურ კლუბს დაცვის ხაზში შექმნილი საკადრო კრიზისისა და შიდა ჩემპიონატში არასტაბილური თამაშის ფონზე მოუწია სტუმრად თამაში. მიუხედავად ამისა, ტიერი ანრის ლიდერობით „არსენალმა“ ყველა დაბრკოლება გადალახა, „ბერნაბეუს“ პუბლიკა შოკში ჩააგდო და ისტორიული გამარჯვება მოიპოვა.
„არსენალი“ ისტორიაში პირველი ინგლისური გუნდი გახდა, რომელმაც ხსენებულ სარბიელზე იმარჯვა. ამ შედეგმა „მეთოფეების“ ფინალისკენ წარმოუდგენელი სვლა დაუწყო. სულ მალე ლონდონელებს უპრესტიჟულეს ევროპულ ტიტულის მოპოვებასთან სულ რაღაც 15 წუთი აშორებდათ, თუმცა მათი ოცნება ფრანკ რაიკაარდის „ბარსელონამ“ დაამსხვრია…
„სანტიაგო ბერნაბეუზე“ დაგეგმილ ჩემპიონთა ლიგის მატჩს „არსენალი“ ცუდ სათამაშო ფორმაში შეხვდა.იმ მომენტისთვის გუნდი ევროპის მთავარ საკლუბო ტურნირზე წარმატებებით ნამდვილად ვერ დაიკვეხნიდა. 1980-იანი და 1990-იანი წლების განმავლობაში ჩემპიონთა თასზე იშვიათი გამოსვლების შემდეგ, „არსენალმა“ მეტ წარმატებას თასების მფლობელთა თასსა და UEFA-ს თასზე მიაღწია, სადაც 2000 წელს ფინალში „გალათასარაისთან“ პენალტების სერიაში დამარცხდა, ჩემპიონთა ლიგაზე კი მხოლოდ ორჯერ იყო მეოთხედფინალში გასული: 2001 წელს „ვალენსიასთან“ მარცხი და 2004 წელს კლაუდიო რანიერის დამოძღვრილ თანაქალაქელ „ჩელსისთან“.
იმავდროულად, „რეალი“ ამ ტურნირის უპირობო მეფე გახლდათ და საკუთარ ანგარიშზე უკვე ცხრა პრესტიჟული თასი ჰქონდა. მსოფლიო დონის ვარსკვლავებით დახუნძლული გუნდი ზედიზედ ექვსი მოგებული მატჩის სერიაში იმყოფებოდა, რომლებშიც 18 გოლი ჰქონდა გატანილი, „არსენალი“ კი მათთვის პირველივე პლეი-ოფში მოთელვას ჰგავდა…
პარალელურად, არსენ ვენგერის კრებულმა ესპანეთში ვიზიტის წინა კვირებში „ბოლტონთან“ ფრე ითამაშა, ხოლო „ევერტონთან“, „ვესტ ჰემთან“ და „ლივერპულთან“ დამარცხდა.
გუნდებს ოფიციალურ მატჩში ერთმანეთთანამდე არასოდეს ეთამაშათ, ახლა კი „არსენალს“ ისეთი ამოცანა ჰქონდა გადასაჭრელი, რომელიც მანამდე სხვა ინგლისურმა კლუბებმა - „მანჩესტერ იუნაიტედმა“ (ოთხჯერ), „დერბი კაუნტიმ“, „ტოტენჰემმა“ და „ლიდსმა“, ვერ შეძლეს.
შეიძლება იმის თქმაც, რომ „რეალის“ პოპულარული გალაქტიკოსების ეპოქა იმ დროისთვის უკვე ფინიშისკენ მიდიოდა, მაგრამ ვისენტე დელ ბოსკეს კვლავ შთამბეჭდავი შემადგენლობა ჰყავდა: იკერ კასილიასი კარში და ისეთი ვარსკვლავები მოედანზე, როგორებიც რობერტო კარლოსი, სერხიო რამოსი, ზინედინ ზიდანი, დევიდ ბექჰემი, გუტი, რობინიო, რონალდო, რაული, ჟულიო ბაპტისტა და ანტონიო კასანო იყვნენ.
ხელწამოსაკრავი ძალა არც „არსენალი“ იყო, მაგრამ მისსავე მოედანზე „სამეფო კლუბის“ დამარცხება ნებისმიერი გუნდისთვის უდიდესი გამოწვევა გახლდათ. მიუხედავად ამისა, „მეთოფეთა“ მდგომარეობა კიდევ უფრო უიმედოდ ჩანდა მათი დაცვის იმპროვიზებული ხაზიდან გამომდინარე.
იმის გამო, რომ სოლ კემპბელი მთელი სეზონის განმავლობაში ფორმისა და ფიზიკური კონდიციების აღდგენას ცდილობდა (მათ შორის იყო მისი განსაკუთრებით კატასტროფული თამაში „ვესტ ჰემის“ წინააღმდეგ, მადრიდულ შეხვედრამდე რამდენიმე კვირით ადრე), ვენგერმა ცენტრალურ მცველად კოლო ტურესთან ერთად შვეიცარიელი ფილიპ სენდეროსი გაამწესა, რომელიც მატჩამდე ერთი თვით ადრე გახდა 21 წლის. მარჯვენა მცველი ლორანი მძიმე მუხლის ტრავმის გამო გამოაკლდა გუნდს და იგი ემანუელ ებუემ შეცვალა, რომელმაც იმ სეზონში მხოლოდ მეოთხედ დაიწყო მატჩი სასტარტოდან და საერთო ჯამში მეათე მატჩს ატარებდა. ეშლი კოულიც სეზონის დიდ ნაწილს აცდენდა, რის გამოც მარცხენა მცველის პოზიცია ცენტრალურ ნახევარმცველ მატიე ფლამინის ერგო და იგი იმ რვა ფეხბურთელიდან ერთ-ერთი იყო, რომლებიც ვენგერმა ამ პოზიციაზე გამოსცადა მთელი სეზონის განმავლობაში.
ნახევარდაცვა გამოცდილებისა და ახალგაზრდობის ნაზავი იყო: ფრედი ლიუნგბერგი და ჟილბერტო სილვა 18 წლის სესკ ფაბრეგასთან, 24 წლის ალექსანდრ გლებთან (რომელსაც რობერ პირესის ნაცვლად მიენიჭა უპირატესობა) და ფრთაზე მდგარ 22 წლის ხოსე ანტონიო რეიესთან ერთად თამაშობდნენ, სათადარიგოთა სკამზე კი ტიტულოვან პირესთან ერთად დებიუტის მოლოდინში მყოფი 16 წლის თეო უოლკოტი იჯდა.
„არსენალის“ წინა ხაზს მხოლოდ ტიერი ანრი ამაგრებდა. ლონდონურ კლუბში თავის მეშვიდე სეზონში მყოფ ფრანგ ფორვარდს შიდა ჩემპიონატში შესანიშნავი შედეგიანობა ჰქონდა - იმ დროისთვის მის ანგარიშზე 20 შეხვედრაში გატანილი 15 გოლი იყო. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში მან პრაღის „სპარტასთან“ ორ მატჩში სამი გოლი გაიტანა, მაგრამ შვეიცარიულ „თუნთან“ და „აიაქსთან“ თავი ვერ გამოიჩინა…
მადრიდში „არსენალის“ შემტევი ტაქტიკა პირველივე წუთებიდანვე თვალსაჩინო იყო. ათი წუთის განმავლობაში მათ ანრის მონაწილეობით სამი უაღრესად სახიფათო მომენტი შექმნეს, თუმცა პირველი ტაიმის ყველაზე რეალური მომენტი ალბათ მაინც მასპინძელ „რეალს“ უფრო ჰქონდა, როდესაც ბექჰემმა ტურეს გასწრება მოახერხა და მეკარე იენს ლემანმა მისი ახლოდან დარტყმული მოიგერია.
გარდატეხა მეორე ტაიმის დასაწყისში მოხდა. ფაბრეგასმა ცენტრალურ წრეში ბურთი ანრის გადააწოდა და 14-მა ნომერმაც ყველაფერი საკუთარ თავზე აიღო: ფრანგმა რამდენიმე მადრიდელს აუარა გვერდი და ვიდრე რამოსი ვარდნით შეეცდებოდა მის შეჩერებას, მარცხენა ფეხით ბურთი კასილიასის კარის შორეულ კუთხეში შეაგორა…
ანრის ჯადოსნურმა მომენტმა ესპანეთის დედაქალაქში ყველა შოკში ჩააგდო, რადგან ლონდონურმა გუნდმა თავისი გამბედავი სათამაშო სტილის ნაყოფი მოიმკო, საფინალო სასტვენის შემდეგ კი ტრიბუნებზე მყოფმა „არსენალის“ ქომაგებმა ზეიმი დაიწყეს.
„იმ მომენტიდან რაღაც შეიცვალა“, როგორც კი სტუმრად მოვიგეთ, ყველას დიდი სტიმული მოგვეცა.“ - იხსენებდა ფრანგი სუპერვარსკვლავი.
მეორე შეხვედრაში მიღწეული დაძაბული და უგოლო ფრე საკმარისი აღმოჩნდა ვენგერის შეგირდების შემდეგ ეტაპზე გასასვლელად.
„ბლანკოსის“ შემდეგ „მეთოფეებმა“ ასევე სახელოვანი ტურინის „იუვენტუსი“ და ტურნირის აღმოჩენა „ვილიარრეალი“ ჩამოიცილეს გზიდან, თუმცა როგორც უკვე ვახსენეთ, „არსენალის“ შთამბეჭდავი და მებრძოლი სულით აღსავსე ჩემპიონთა ლიგური კამპანია პარიზულ ფინალში მტკივნეული მარცხით დასრულდა — ლონდონელებმა გადამწყვეტი შეხვედრა კატალონიურ „ბარსელონასთან“ უიღბლოდ და დრამატულად დათმეს.
ტიერი ანრისთვის 2006 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი ძნელად გადასატანი აღმოჩნდა, თუმცა გავიდე სამიოდე წელიწადი და სანატრელი თასი სწორედ „ბარსელონას“ მაისურით აღმართა, როდესაც ხოსეპ გვარდიოლას გაწვრთნილი ფანტასტიური გუნდის წევრი გახდა და ევროპული ტიტული დამსახურებულად მოიგო.

პაატა ჩახვაშვილი
კომენტარები