არენამაქსი
ქვიზები
სპორტის გურუ
სიახლეები
-
Aa
+
ფონტის ზომა
შონ ო'მალი თანამედროვე MMA-ის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და პოპულარული ფიგურაა. მისი კარიერა სავსეა გარკვეულწილად დრამატული გამარჯვებებით, გარეგნობაზე ჩატარებული ფერადი ექსპერიმენტებით და მედიისა და საზოგადოების ყურადღების მიპყრობის მუდმივი მცდელობებით.
თუმცა, ჩვენს ფოკუსში ო’მალი სულ სხვა მიზეზით მოხვდა - 8 ივნისს, ის საჩემპიონო ბრძოლაში დაუპირისპირდება ქართველ მანქანას, მერაბ დვალიშვილს და ქამრის დაბრუნებას შეეცდება. Შეგახსენებ (და ვცდები მიუკერძოებელი ვიყო ამ წინადადების წერისას), რომ პირველ ბრძოლაში, სწორედ მერაბმა, სულ პანღურის კვრით აართვა ქამარი და ჩემპიონობა.
ამიტომაც, ამ ბლოგით ვეცდები უკეთ გაგაცნო ადამიანი, რომელიც ობიექტურად UFC-ის ერთ-ერთი სუპერვარსკვლავია, სუბიექტურად კი კიდევ ერთხელ მარცხისათვის განწირული საშუალო დონის მებრძოლი.
ადრეული წლები და კარიერის დასაწყისი
შონი ჰელენაში დაიბადა 1994 წლის 24 ოქტომბერს, მონტანას შტატში. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად არ ახსენებს მშობლიურ ქალაქს, რამდენიმე ინტერვიუში აღნიშნა, რომ მონტანაში გატარებულმა წლებმა დიდი გავლენა მოახდინა მისი, როგორც მებრძოლის განვითარებაზე. 16-18 წლის ასაკში შონი უკვე აქტიურად მონაწილეობდა ადგილობრივად მოწყობილ სამოყვარულო ბრძოლებში, რაც მას გამოცდილებასა და თავდაჯერებულობას სძენდა.
პროფესიონალური კარიერაც მონტანაში დაიწყო, შემდეგ გადავიდა ჩრდილო დაკოტაში და საბოლოოდ მიაღწია Legacy Fighting Alliance-ში, ტექსასში, სადაც დევიდ ნუზოს წინააღმდეგ მოპოვებული შთამბეჭდავი ნოკაუტით ყურადღება მიიქცია. ეს გამარჯვება გახდა ბილეთი Dana White's Contender Series-ში, სადაც ალფრედ ხაშაკიანის წინააღმდეგ ბრძოლაში, პირველი რაუნდის ნოკაუტით მოიპოვა UFC-ის კონტრაქტი.
UFC-ში აღმასვლა და გამოწვევები
ო'მალის UFC- დებიუტი 2017 წლის 1 დეკემბერს შედგა ტერიონ უეირის (Terrion Ware) წინააღმდეგ. ბრძოლაში მსაჯთა გადაწყვეტილებით დებიუტანტმა იმარჯვა. შემდეგი მნიშვნელოვანი გამარჯვება 2018 წელს ანდრე სოუკჰამთათის (Andre Soukhamthath) წინააღმდეგ მოიპოვა მიუხედავად მესამე რაუნდში მიღებული ფეხის ტრავმისა - აქაც მსაჯების გადაწყვეტილებით. ეს ბრძოლა საღამოს საუკეთესოდ დასახელდა და Fight of the Night ბონუსი მოუტანა ორივე მებრძოლს.
2019 წელს, დოპინგ კონტროლის ვერგავლისა და ოსტარინის დადებითი ტესტის გამო ექვსთვიანი დისკვალიფიკაცია მიიღო, თუმცა დაბრუნება საკმაოდ შთამბეჭდავად მოახერხა: 2020 წლის 7 მარტს, UFC 248-ზე, ხოსე ალბერტო კინიონესი პირველივე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა და Performance of the Night ბონუსიც მიითვალა.
2020 წლის აგვისტოში კარიერის პირველი და ერთადერთი მარცხი განიცადა მარლონ "ჩიტო" ვერასთან, რაც ო’მალის ტრავმას უფრო დაბრალდა ვიდრე “ჩიტოს” მარჯვე მარჯვენას.
შემდეგ იყო გალახული თომას ალმეიდა...
შემდეგ ლუის სმოლკასთან ბრძოლამდე ცოტა ხნით ადრე, სმოლკას ჩამნაცვლებელი კრის მოუტინიო, რომელიც ასევე მარტივად დაჯაბნა ო’მალიმ და კიდევ ერთი Fight of the Night აჩუქა მაყურებელს...
იყო Performance of the Night რაულიან პაივას წინააღმდეგ და გამარჯვება პირველ რაუნდში...
იყო ო’მალის თითი, რომელიც პედრო მუნიოსს თვალში მოხვდა და ბრძოლა ნაადრევად შეწყდა გამარჯვებულის გარეშე...
პიოტრ იანიც იყო და როგორც მერაბ დვალიშვილმა, არც ო’მალიმ დააკლო რუსს. თავის მხრივ იანმაც იყოჩაღა - თუმცა მსაჯებმა შონის სასარგებლოდ მიიღეს გადაწყვეტილება. ბრძოლის დასრულებისთანავე ერთი ამბავი ატყდა ინტერნეტში, გულშემატკივრების უდიდესი ნაწილი არასამართლიანად მიიჩნევდა ამ ყველაფერს. ზოგიერთმა Მედიასაშუალებამ “წლის ყველაზე დიდი ქურდობა” უწოდა ო’მალისთვის გამარჯვების მიკუთვნებას.
და აი, დადგა ის სანატრელი მომენტი, რომლისთვისაც წლები ემზადებოდა, ვარჯიშობდა და იბრძოდა - 2023 წლის 19 აგვისტოს, სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონთან, ალჯამეინ სტერლინგთან ჩაუნიშნეს ბრძოლა - საჩემპიონო ბრძოლა. თუ წინა შემთხვევებში, მსაჯები წყალობდნენ, აქ გაანალიზებული ჰქონდა რომ მოქმედი ჩემპიონის პირისპირ იდგა და მისი სათვალესავით ვარდისფერი ვეღარ იქნებოდა სამყარო. ამიტომაც ბრძოლაში სრულად დაიხარჯა - დახარჯვამ კი შედეგი გამოიღო, მეორე რაუნდის დასაწყისში ალჯო ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა და მსოფლიოს ახალ ჩემპიონად მოევლინა.
შემდეგ უკვე სიმშვიდე იყო - ისვენებდა ჩემპიონი, მსუბუქად ვარჯიშობდა, შიგადაშიგ ეწეოდა და თამაშობდა მეგობრებთან ერთად.
ჩემპიონობის მეშვიდე თვის თავზე, ქამრის პირველი დაცვა მოუწია და ვისთან? იმ ერთადერთთან რომელმაც დაჯაბნა! ო'მალი VS მარლონ ვერა 2023 წლის 4 მარტს შედგა მაიამიში. ამჯერად ჯანმრთელი ფეხით და ჩემპიონის სტატუსით შეაბიჯა შონმა ოქტაგონზე. ბრძოლამ ხუთივე რაუნდს გასტანა და საბოლოოდ, მსაჯთა ერთობლივი გადაწყვეტილებით ჩემპიონმა ქამრის შენარჩუნება შეძლო.
Მერე?
მერე მოვიდა ქართული მანქანა და ქამარი წაართვა, თანაც ჩაკოცნა და ისე...
თუმცა, ეს სხვა ისტორიაა, მერაბ დვალიშვილის ისტორია, რომლის წერა ჯერ კიდევ გრძელდება და 8 ივნისს კიდევ ერთხელ აგვანერვიულებს დიდსა და პატარას.
კითხვის გასაგრძელებლად
გაიარე ავტორიზაცია
ცოტნე ჭანკოტაძე
კომენტარები