მექსიკისა და პორტუგალიის ნაკრებების ამხანაგურ შეხვედრას, რომელიც აცტეკას სტადიონზე გაიმართა, ტრაგედიამ დაღი დაასვა.
მატჩის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, ერთ-ერთი გულშემატკივარი სიმაღლიდან გადმოვარდა და მიყენებული დაზიანებებისგან გარდაიცვალა.
Reuters-ის ინფორმაციით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი სტადიონის მეორე იარუსიდან პირველზე გადასვლას ცდილობდა, რა დროსაც წონასწორობა დაკარგა და ავტოსადგომზე დაეცა. პროკურატურამ მომხდართან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება უკვე გაავრცელა, დაწყებულია გამოძიება, მიმდინარეობს CCTV კამერების ჩანაწერების ანალიზი და მოწმეების გამოკითხვა.
აღსანიშნავია, რომ ეს მატჩი პირველი იყო აცტეკასთვის მასშტაბური რეკონსტრუქციის შემდეგ. სწორედ ამ სტადიონზე უნდა გაიხსნას 11 ივნისს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი მექსიკისა და სამხრეთ აფრიკის შეხვედრით.
რაც შეეხება უშუალოდ თამაშს, ის უგოლოდ, 0-0 დასრულდა. მექსიკელთა მთავარი მწვრთნელი, ხავიერ აგირე, გუნდის თამაშით კმაყოფილი დარჩა: „ჩვენმა ფეხბურთელებმა ეს რთული გამოცდა ჩააბარეს. პორტუგალიის მსგავსი მაღალი დონის გუნდის წინააღმდეგ მათ თავი არ დაუმალავთ“.
მუნდიალის დაწყებამდე მექსიკა კიდევ რამდენიმე ამხანაგურ შეხვედრას გამართავს ბელგიის, განის, ავსტრალიისა და სერბეთის ნაკრებების წინააღმდეგ.