2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მოახლოებასთან ერთად, აშკარაა, რომ ჩრდილოეთ ამერიკაში ბევრი ისტორიული რეკორდი დაემხობა.
ტურნირში 48 გუნდი მიიღებს მონაწილეობას, რაც თამაშების რაოდენობას 64-დან 104-მდე ზრდის.
ყველაზე მეტი გოლი ერთ მუნდიალზე
ყატარში დამყარებული 172-გოლიანი რეკორდი აუცილებლად მოიხსნება. 104 მატჩის პირობებში, მინიმალური შედეგიანობის შემთხვევაშიც კი, გუნდები წინა მაჩვენებელს მინიმუმ 50 გოლით გააუმჯობესებენ.
ყველაზე მეტი ბარათი
თამაშების სიმრავლე საფრთხეს უქმნის 2006 წლის მუნდიალის სტატისტიკასაც (28 წითელი და 345 ყვითელი ბარათი). ახალი ფორმატით, ამ ციფრების გადასასწრებად მატჩში საშუალოდ მხოლოდ 3 ყვითელი ბარათია საჭირო.
ყველაზე მეტი გოლი მსოფლიო ჩემპიონატებზე
მიროსლავ კლოზეს 16-გოლიან ნიშნულს ლიონელ მესი მხოლოდ 3 გოლით ჩამორჩება, კილიან მბაპე კი 4-ით. ჰარი კეინსა და კრიშტიანუ რონალდუს (8-8 გოლი) შანსი აქვთ საკუთარი ნაკრებების რეკორდსმენები გახდნენ. მბაპეს კი მხოლოდ ერთი გოლი სჭირდება ჟიუსტ ფონტენის (13 გოლი) დასაწევად.
რეკორდსმენი რონალდუ
კრიშტიანუმ 2006 წლიდან მოყოლებული ყველა მუნდიალზე გაიტანა. ჩრდილოეთ ამერიკაში მას საკუთარი რეკორდის გაუმჯობესება შეუძლია. თავის მხრივ, მესის აქვს შანსი დაეწიოს რონალდუს და გახდეს მეორე ფეხბურთელი, რომელმაც ხუთ სხვადასხვა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოიჩინა თავი.
ოქროს ბუცი და ტიტულები
ისტორიაში ჯერ არცერთ მოთამაშეს არ მოუგია ორი ოქროს ბუცი. ამ მხრივ ახალი ისტორიის დაწერა მბაპესა და კეინს შეუძლიათ. არგენტინა კი შეეცდება შეუერთდეს იტალიასა და ბრაზილიას, რომლებმაც ტიტულის დაცვა შეძლეს.
ასაკოვანი გოლეადორები
მესისა და რონალდუს შანსი აქვთ გააუმჯობესონ პეპესა და ნილს ლიდჰოლმის რეკორდები, როგორც ყველაზე ასაკოვანმა გოლეადორებმა ფინალებსა თუ პლეი-ოფის მატჩებში.
დიდი ანგარიშები
48-გუნდიანი ფორმატის გამო, ჯგუფურ ეტაპზე მეტი დაბალრეიტინგული გუნდი იქნება. ეს ზრდის შანსს, რომ მოიხსნას ყველაზე დიდი სხვაობით (9 გოლი) მოგების რეკორდი, რომელიც უნგრეთსა და იუგოსლავიას ეკუთვნით.