RMC Sport-ის ჟურნალისტი დანიელ რიოლო, რომელმაც კილიან მბაპეს მუხლის ტრავმის შესახებ მცდარი დიაგნოზის დასმაზე პირველმა ისაუბრა, საკუთარ პოზიციას არ თმობს.
გადაცემა After Foot-ის ეთერში მან კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი ინფორმაცია, მიუხედავად იმისა, რომ თავად მადრიდის რეალის ფორვარდმა კატეგორიულად უარყო სამედიცინო შემოწმებისას დაშვებული შეცდომა.
რეალის კიდევ ერთი მოთამაშე არასწორ ფეხზე გამოიკვლიეს? მბაპე ცნობებს უარყოფს
თუმცა, რიოლო ფიქრობს, რომ ეს ყველაფერი წინასწარ დადგმული სცენარია. „მათ ტყუილის სტრატეგია აირჩიეს... პირდაპირ ვიტყვი: ის იტყუება. ვფიქრობ, ეს არის რეალთან ერთად ორკესტრირებული გეგმა. მბაპეს არ სურს მადრიდული კლუბის ინტერესების დაზიანება, რომელიც ამ მთელ ისტორიაში აბსოლუტურად სასაცილო მდგომარეობაში აღმოჩნდა,“ – აღნიშნა ფრანგმა ჟურნალისტმა.
რიოლომ ხაზგასმით თქვა, რომ თავის ვერსიაში „1000 პროცენტით“ დარწმუნებულია. მისი თქმით, კლუბმა და ფეხბურთელმა სიმართლის თქმას და შეცდომის აღიარებას, ისევ ტყუილი ამჯობინეს. ჟურნალისტისთვის გაუგებარია, რატომ არ აირჩიეს გულწრფელობის გზა, რადგან მისი აზრით, ტყუილი არასდროსაა სწორი გამოსავალი.
„ეს ყველაფერი მბაპესვე ბუმერანგივით დაუბრუნდება. ესპანეთში ახლა იმაზე მსჯელობენ, თუ ვინ არის რეალურად პასუხისმგებელი, მადრიდის რეალი თუ მბაპე? ასევე ჩნდება კითხვა, რას მიანიჭებს ის უპირატესობას: კლუბს თუ საფრანგეთის ნაკრებს?“ – დასძინა რიოლომ.
Cadena SER-თან საუბრისას ჟურნალისტმა კიდევ უფრო მწვავე განცხადება გააკეთა: „ეს ინფორმაცია მცდარი არ არის, ყველამ იცის სიმართლე. ეს არის რეალის დამამცირებელი სტრატეგია, რომლითაც მათ ხალხი სულელებად ჩათვალეს“.