რობერტო გომესმა Radio MARCA-ს ეთერში, გადაცემა La Tribu-ში სტუმრობისას, საკმაოდ ხმამაღალი განცხადება გააკეთა.
რაულ ვარელას გადაცემაში მიმდინარე მოვლენების ანალიზისას, ბობიმ გაამჟღავნა რეალ მადრიდის დიდი სურვილი. მას შემდეგ, რაც გუნდი ტონი კროოსმა და ლუკა მოდრიჩმა დატოვეს, მადრიდელებს ნახევარდაცვაში კრეატივი აკლიათ.
"ფეხბურთელი, რომლის ხილვაც რეალ მადრიდს და პირადად მის პრეზიდენტს სურთ, ნახევარმცველია... მისი სახელი პედრია", - განაცხადა გომესმა პირდაპირ ეთერში, რასაც სტუდიაში მყისიერი დებატები მოჰყვა.
ამ რეპლიკას მაშინვე გამოეხმაურა რაულ ვარელა, რომელმაც აღნიშნა, რომ მსგავსი ტრანსფერების განხორციელება პრაქტიკულად შეუძლებელია. "თუმცა, ის მას ვერ გააფორმებს", - თქვა წამყვანმა, რაზეც გომესმა ირონიულად უპასუხა: "არ ვიცი... განა ბარსელონას ფეხბურთელი რეალ მადრიდში არასდროს გადასულა?".
იქვე გაიხსენეს ისტორიული პრეცედენტები, როდესაც მოთამაშეებმა ამ ორ კლუბს შორის არჩევანი გააკეთეს. მათ შორის დასახელდნენ ბერნდ შუსტერი, მიკელ სოლერი, ლუის მილა და ყველაზე ხმაურიანი შემთხვევა, რა თქმა უნდა, ლუიშ ფიგუ. ეს სახელები ადასტურებს, რომ მიუხედავად სირთულისა, ასეთი ტრანსფერი შეუძლებელი მაინც არ არის.
გომესმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს კლუბის სპორტული პრეფერენციაა: "ფეხბურთელი, რომელიც ფლორენტინო პერესს და რეალ მადრიდს უნდათ, სწორედ პედრია". თუმცა, მან იქვე აღიარა გარიგების სირთულეც, განსაკუთრებით კანარიელი ფეხბურთელის სახელშეკრულებო პირობებისა და ბარსელონას პროექტში მისი უდიდესი მნიშვნელობის გათვალისწინებით.
ჟურნალისტმა ასევე განმარტა, რომ სურვილი და რეალობა სხვადასხვა რამეა: "ერთი ისაა, რაც მოგწონს და მეორე ის, რისი გაკეთებაც შეგიძლია", — აღნიშნა მან ხუმრობით.
რობერტო გომესის ეს ინფორმაცია იმ დროს გავრცელდა, როდესაც რეალ მადრიდი ნახევარდაცვისთვის ახალგაზრდა ტალანტების ძიებას აგრძელებს. მიუხედავად ამისა, ბარსელონაში თავიანთი კანარიელი მარგალიტის გაშვებაზე ბოლოს ფიქრობენ.