არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლიონელ სკალონიმ, ბრაზილიის ნაკრების დამრიგებელ კარლო ანჩელოტისთან სიტყვიერ პაექრობაში ჩაბმაზე უარი თქვა.
იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ არგენტინა „მაღალი ინტენსივობის ფეხბურთს არ თამაშობს“, თუმცა სკალონიმ ეს სიტყვები საკუთარი ტაქტიკური ჩანაფიქრის კომპლიმენტად შეაფასა.
„კარლომ ეს ესპანურ-იტალიურ-პორტუგალიური მიქსით თქვა“
ავსტრიასთან მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე სკალონიმ ანჩელოტის მიერ მსოფლიო ჩემპიონების მისამართით გამოთქმულ კრიტიკას სიმშვიდით უპასუხა და პოტენციური სკანდალი მომენტალურად ჩააქრო:
ეს განცხადება პოზიტიურად მივიღე. მან ჩვენზე კარგად ისაუბრა და არა ცუდად, მე მისი ნათქვამი სწორად გავიგე. ვინაიდან ის ესპანური, იტალიური და პორტუგალიური ენების ნაზავით საუბრობდა, შესაძლოა ყველაფერი ზუსტად არ გაჟღერდა, თუმცა აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ეს კომპლიმენტი იყო და არა კრიტიკა“
რა არის ინტენსივობა თანამედროვე ფეხბურთში?
არგენტინელთა დამრიგებელმა თავისი საფეხბურთო ფილოსოფია უფრო ვრცლადაც განმარტა და ეჭვქვეშ დააყენა თანამედროვე ფეხბურთის აკვიატება - მუდმივი მაღალი პრესინგი. სკალონის აზრით, დაცვის სიმყარე და ჭკვიანური გადასვლები ბევრად უფრო ფასეულია, ვიდრე უაზრო ფიზიკური გადაღლა:
უნდა შევხედოთ, თუ რა იგულისხმება ინტენსივობაში. როცა ბურთს არ ფლობ, მთავარია მეტოქემ არ გატკინოს. დღეს ბევრი გუნდი აღარ მიმართავს პერსონალურ, მაღალ პრესინგს. თამაში მოედნის ცენტრში წყდება. მნიშვნელობა არ აქვს, სამი თავდამსხმელით უტევ თუ ხუთი მცველით იცავ თავს, მთავარი ბურთის დაკარგვაზე რეაგირებაა.
კატარის შემდეგ შეცვლილი არგენტინა
სკალონიმ ხაზი გაუსვა გუნდის ევოლუციას 2022 წლის ტრიუმფის შემდეგ. ნაკრებში ისეთი ახალგაზრდა ნიჭიერი ფეხბურთელები გამოჩნდნენ, როგორებიც ნიკო პასი და ჯულიანო სიმეონე არიან. მწვრთნელის თქმით, 3.5 წლის გასვლის მიუხედავად, გუნდს მოტივაცია არ დაუკარგავს, ფეხბურთელებს მისი მესიჯი კარგად ესმით და 26-ვე მოთამაშე მზადაა მოედანზე გასასვლელად.
ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში არგენტინას ავსტრიასთან უმნიშვნელოვანესი მატჩი ელის - ორივე გუნდს 3-3 ქულა აქვს და გამარჯვებული ჯგუფში პირველ ადგილს გაინაღდებს. პარალელურად, ანჩელოტის ბრაზილია ჰაიტის 3-0 განადგურების შემდეგ მშვიდად არის და შოტლანდიასთან მხოლოდ ფრე სჭირდება პლეი-ოფში გასასვლელად.