არაუხოს უხეში ვარდნა ფოდენის წინააღმდეგ: „ეს ფეხის მოსატეხად გაკეთდა!“
ინგლისისა და ურუგვაის ამხანაგური მატჩი (1-1) ნამდვილ სკანდალში გაეხვია. მიზეზი რონალდ არაუხოს მიერ ფილ ფოდენის წინააღმდეგ შესრულებული საზარელი ვარდნაა, რამაც უემბლიზე მყოფი გულშემატკივრები და ექსპერტები აღაშფოთა.
მატჩის 50-ე წუთზე ბარსელონას მცველი ბურთზე დაგვიანებით წავიდა და ფოდენს კოჭში მთელი ძალით ჩაეჩეხა. „ეს პირდაპირ ფეხის მოსატეხად გაკეთდა!“ - ისმოდა ITV-ის ეთერში. სანამ ინგლისელი ტკივილისგან იკლაკნებოდა, თომას ტუხელმა წონასწორობა დაკარგა და ურუგვაელთა სათადარიგოთა სკამისკენ გააფთრებული იშვერდა ხელს. მსაჯმა, სვენ იაბლონსკიმ, არაუხოს ყვითელი ბარათიც კი არ უჩვენა.

ინგლისელთა პროტესტი
„არაუხო სრულიად უკონტროლოა, ეს ფილისთვის შეიძლებოდა ძალიან ცუდად დასრულებულიყო“, - განაცხადა იან რაიტმა. ჰარი მაგუაიერმა კი გაკვირვება ვერ დამალა, თუ რატომ არ გამოიყენა არბიტრმა წითელი ბარათი მუნდიალამდე ორი თვით ადრე ასეთ ეპიზოდში.
ინგლისში ვერც VAR-ის მუშაობას უგებენ, ვიდეორეფერი არაუხოს ეპიზოდში არ ჩაერია, თუმცა მატჩის ბოლოს ურუგვაის სასარგებლოდ პენალტი სწორედ მათი დახმარებით დაინიშნა, რაც ფედე ვალვერდემ გოლად აქცია. თავად არაუხომ ინციდენტზე საუბარს თავი აარიდა და მხოლოდ გუნდის ბრძოლისუნარიანობით კმაყოფილება გამოხატა.