საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები, ევრო 2026-ისთვის მზადების ფარგლებში, კარპატების თასზე მონაწილეობს და პირველი მატჩი გამართა.
საქართველოს ნაკრები შეხვდა სლოვაკეთს, რომელმაც პირველი ტაიმი მშვენივრად ჩაატარა და ფაქტობრივად მუდმივად ანგარიშში წინ იყო, მაგრამ მეორე ნახევარში სურათი შეიცვალა და ტიტე კალანდაძის გუნდმა თამაშის სცენარი შეცვალა.
ჩვენმა გუნდმა ტაიმის დასაწყისში 4-ბურთიანი გაქცევით, ფაქტობრივად, მატჩის ბედი გადაწყვიტა, სლოვაკეთი მდევრის როლში ამყოფა და შეხვედრა 31:28 მოიგო.
ორივე გუნდიდან საუკეთესო იყო ნიკოლოს კალანდაძე, რომელმაც 10 ბურთი გაიტანა და 5 ასისტი შეასრულა. ჩვენი გუნდიდან 6 გატანილი ბურთითა და 3 ასისტით მეორე საუკეთესო მაჩვენებელი ირაკლი კბილაშვილს ჰქონდა.
საქართველოს ნაკრები მეორე შეხვედრას 1-ელ ნოემბერს, მასპინძელ რუმინეთთან გამართავს.