იტალიის ქალაქ გალიპოლიში მიმდინარე ჭადრაკის მსოფლიო ჩემპიონატზე, სენიორთა შორის, 10 ტურის შემდეგ, ზურაბ სტურუა და მიხეილ კეკელიძე ჩემპიონობისთვის იბრძვიან, ხოლო ნონა გაფრინდაშვილი - ვიცე-ჩემპიონობისთვის.
კაცთა შორის, +65 ასაკობრივ კატეგორიაში, ზურაბ სტურუა დაუმარცხებლად ასპარეზობს (6 მოგება და 4 ყაიმი) და ლიდერობას იყოფს - მის გარდა, კიდევ 3 სპორტსმენს 8-8 ქულა აქვს და ჩემპიონისა და საპრიზო ადგილების ბედი ბოლო ტურში გადაწყდება.
ასევე თანალიდერია მიხეილ კეკელიძე, რომელიც +50 ასაკობრივ კატეგორიაში გამოდის - ისიც დაუმარცხებელია (7 მოგება და 3 ფრე), 8.5 ქულა აქვს და პირველ ადგილს ისრაელელ ვიქტორ მიხალევსკისთან იყოფს.
ქალთა შორის, +65 ასაკობრივ კატეგორიაში, ნონა გაფრინდაშვილმა მე-10 ტურის შეხვედრა მოიგო და მე-2 ადგილი გაიმყარა. ჩემპიონი უკვე გარკვეულია, 7 ქულის მქონე გაფრინდაშვილი კი მე-3 ადგილოსანს, ტურნირის დასრულებამდე 1 ტურით ადრე, 1 ქულით უსწრებს.