პრემიერ ლიგამ თებერვლის საუკეთესო გოლის, მწვრთნელისა და ფეხბურთელის ნომინანტები დაასახელა.
ინგლისის პრემიერ ლიგამ თებერვლის თვის საუკეთესო გოლის ნომინაციაზე რვა კანდიდატი წარადგინა. არჩევანი მართლაც შთამბეჭდავია, თუმცა ფავორიტად დომინიკ სობოსლაის მიერ მანჩესტერ სიტის კარში გატანილი საჯარიმო დარტყმა მიიჩნევა. ნომინანტებს შორის ასევე მოხვდნენ ანტონ შტახი (ასტონ ვილასთან), დომინიკ სოლანკეს ეფექტური გოლი მანჩესტერ სიტისთან და მარტინ ზუბიმენდის გასროლა სანდერლენდის წინააღმდეგ.
რაც შეეხება თვის საუკეთესო მწვრთნელის ტიტულს, აქ ოთხი კანდიდატი იბრძოლებს. ბრენტფორდის თავკაცი კიტ ენდრიუსი და მანჩესტერ იუნაიტედის მწვრთნელი მაიკლ კერიკი სიაში არიან. მათ კონკურენციას პეპ გვარდიოლა და ლივერპულის თავკაცი არნე სლოტი გაუწევენ.

პარალელურად, ცნობილი გახდა იმ ექვსი ფეხბურთელის ვინაობაც, რომლებიც თვის საუკეთესო მოთამაშის ჯილდოზე არიან წარდგენილნი. რადგან არსენალი ცხრილის სათავეშია, სავსებით ლოგიკურია, რომ ნომინანტებს შორის მათი მთავარი მეგოლე, ვიქტორ გიოკერეში მოხვდა. მანჩესტერ სიტიდან ჯილდოსთვის ორი ფეხბურთელი — ნიკო ო’რაილი და ანტუან სემენიო იბრძოლებენ.
საპატიო სიაში ასევე მოხვდნენ ლივერპულის კაპიტანი ვირჯილ ვან დაიკი, ბრენტფორდის შემტევი დანგო უატარა და ბენჟამინ შეშკო. თითოეულ მათგანს თებერვალში გამორჩეული პერფორმანსი ჰქონდა, რაც საუკეთესოობისთვის ბრძოლას კიდევ უფრო საინტერესოს ხდის.
