UFC-ის მსუბუქი წონის ჩემპიონმა, ილია თოფურიამ, თეთრი სახლის პრესკონფერენციაზე მომხდარ სკანდალურ ინციდენტზე პირველად ისაუბრა.
შეხვედრა 14 ივნისს დაგეგმილი თოფურია-გეიჯის სატიტულო მატჩის პრომოუტერობისთვის იყო ორგანიზებული, თუმცა სიტუაცია მას შემდეგ აირია, რაც ქართველი ჩემპიონი მძიმეწონოსან ჯოშ ჰოკიტს ფიზიკურად დაუპირისპირდა.
ჰოკიტი დარბაზიდან დაცვამ მას შემდეგ გააძევა, რაც მან ალექს პერეირას დედის მისამართით შეურაცხმყოფელი ფრაზა გამოიყენა. ელ მატადორმა განმარტა, რომ ამ ამაზრზენ ქცევაზე თვალის დახუჭვა უბრალოდ ვერ შეძლო:
თვალებს არ ვუჯერებდი. უამრავ პრესკონფერენციაზე ვყოფილვარ და ყველაფერი მინახავს, მაგრამ ასეთი უპატივცემულობა, რომ ვინმე ადგეს და სხვის დედაზე ასე ილაპარაკოს, არასდროს მომისმენია. თანაც, ამას ყოველგვარი მიზეზის გარეშე აკეთებდა, რადგან პერეირასთან ჩხუბს საერთოდ არ აპირებს. სხვის დედაზე ასეთმა საუბარმა სისხლი ამიდუღა. ჩვენ მილიონობით ადამიანი გვიყურებს და ასეთი მაგალითის მიცემა არ შეიძლება. ჰოკიტს გაუმართლა, რომ იქ ბევრი დაცვა იყო. ერთ-ერთ ჩვენგანს ეს ყველაფერი ძალიან ცუდად დაუჯდებოდა და გარწმუნებთ, ის მე არ ვიქნებოდი
ამ განცხადებას სოციალურ ქსელ X-ში თავად ჯოშ ჰოკიტიც მალევე გამოეხმაურა. მან ჯერ თოფურიას სიმაღლეზე გააკეთა ირონიული კომენტარი, შემდეგ კი პერეირას მისამართით ნათქვამი სიტყვები დაიცვა:
„მეც გავბრაზდებოდი, დისნეილენდის ატრაქციონებზე შესაშვებად სიმაღლე რომ არ მყოფნიდა. ამერიკულ სკოლაში ლანჩის მაგიდასთან ერთ დღესაც ვერ გადარჩებოდი, შე სათბურში გაზრდილო ბიჭო. მე უბრალოდ ვთქვი: 'I’m gonna Chama on his Mama' ეს თუ ასეთი საშინელებაა, მაშინ ჯერ ის თქვით, საერთოდ რას ნიშნავს 'ჩამა'?“