ლონდონის ტოტენჰემი კლუბის ისტორიაში უმძიმეს კრიზისშია. პრემიერ ლიგის 29-ე ტურში „დეზები“ საკუთარ მოედანზე კრისტალ პალასთან 1:3 დამარცხდნენ.
აღსანიშნავია, რომ მასპინძლები 38-ე წუთიდან მოედანზე რიცხობრივ უმცირესობაში დარჩნენ, მას შემდეგ რაც მიკი ვან დე ვენმა წითელი ბარათი მიიღო.
ეს მარცხი გუნდისთვის ისტორიული ანტირეკორდის გაგრძელება აღმოჩნდა:
ტოტენჰემს პრემიერ ლიგის ზედიზედ 11 მატჩში გამარჯვება არ მოუპოვებია, რაც კლუბის ისტორიაში პირველი შემთხვევაა;
გუნდს 28 დეკემბრის შემდეგ არ მოუგია, როდესაც სწორედ კრისტალ პალასი დაამარცხა (1:0);
ამ პერიოდის განმავლობაში ლონდონელებმა 7 მარცხი (მათ შორის ბოლო 5 მატჩი ზედიზედ წააგეს) და 4 ფრე ჩაიწერეს აქტივში.
ვითარებას ვერც სამწვრთნელო ცვლილებამ უშველა. იგორ ტუდორმა, რომელმაც პოსტზე ტომას ფრანკი შეცვალა, პრემიერ ლიგაში თავისი პირველი სამივე შეხვედრა წააგო.
ამ დროისთვის ტოტენჰემი მე-16 ადგილს იკავებს და გასავარდნ ზონას მხოლოდ 1 ქულა აშორებს. მომდევნო გამოცდა გუნდს 15 მარტს ელის, როდესაც სტუმრად ლივერპულს დაუპირისპირდება.