ლონდონის ტოტენჰემმა ნიუკასლის ნახევარმცველ სანდრო ტონალის ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწია.
The Athletic-ის ინფორმაციით, გარიგების საერთო ღირებულებამ შესაძლოა 100 მილიონ ფუნტ სტერლინგს მიაღწიოს.
ჩრდილოეთ ლონდონურმა კლუბმა იტალიის ნაკრების ფეხბურთელის მიმართ ინტერესი ივნისის ბოლოს გააძლიერა და ნიუკასლთან პირდაპირი მოლაპარაკებები დაიწყო.
მხარეებმა უკვე მიაღწიეს შეთანხმებას, რომელიც წარმატებით დასრულების შემთხვევაში ტოტენჰემის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი იქნება.
ამით კლუბი გადააჭარბებს იმ პოტენციურ 85 მილიონ ფუნტს, რომლის გადახდაზეც ვესტ ჰემთან მატეუშ ფერნანდეშის ტრანსფერისთვის უკვე შეთანხმებულია.
ტოტენჰემი 26 წლის ტონალის სანაცვლოდ თავდაპირველად 92.5 მილიონ ფუნტს გადაიხდის, ხოლო დამატებით 7.5 მილიონი ფუნტი ბონუსების სახით ჩაირიცხება, თუ გუნდი ჩემპიონთა ლიგის საგზურს რამდენჯერმე მოიპოვებს.
„დეზებისთვის“ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა უკვე საკმაოდ აქტიური გამოდგა: ენდი რობერტსონი და მარკო სენესი თავისუფალი აგენტების სტატუსით შეუერთდნენ გუნდს, ხოლო იან პოლ ვან ჰეკე ბრაიტონიდან 52 მილიონ ფუნტად გადავიდა.
ტონალიმ გასულ სეზონში ნიუკასლის მაისურით ყველა ტურნირზე 53 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.
„კაჭკაჭებმა“ პრემიერ ლიგა მე-12 ადგილზე დაასრულეს და ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალამდე მიაღწიეს.
იტალიელი ნახევარმცველი ნიუკასლს 2023 წლის ივლისში მილანიდან დაახლოებით 60.5 მილიონ ფუნტად შეუერთდა, თუმცა იმავე წლის ოქტომბერში იტალიის ფეხბურთის ფედერაციის მიერ აზარტულ თამაშებთან დაკავშირებული წესების დარღვევისთვის 10-თვიანი დისკვალიფიკაცია მიიღო.
2024 წლის აგვისტოში დაბრუნების შემდეგ ტონალიმ ნიუკასლის რიგებში 110 მატჩი ჩაატარა, 10 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა შეასრულა.
ის გუნდის კაპიტან ბრუნო გიმარაეშთან ერთად ნახევარდაცვის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად ჩამოყალიბდა.