ჩემპიონთა ლიგის საერთო ფაზის მე-7 ტურში კატალონიის ბარსელონამ სტუმრად პრაღის სლავია დაამარცხა.
შეხვედრა სტადიონ ფორტუნა არენაზე გაიმართა და ჰანსი ფლიკის გუნდის გამარჯვებით 4:2 დასრულდა.
მე-10 წუთზე მასპინძლებმა დაწინაურება მოახერხეს, თუმცა შემდეგ ავანს-სცენაზე ფერმინ ლოპესი გავიდა, რომელმაც 34 და 42-ე წუთებზე ორი გოლი გაიტანა და ბარსა წინ გაიყვანა.
კატალონიელთა ლიდერობამ დიდხანს ვერ გასტანა — 44-ე წუთზე მოწოდებულ კუთხურს რობერტ ლევანდოვსკის პირველი კარიერული ავტოგოლი და ანგარიშის გათანაბრება მოჰყვა. ამრიგად, გუნდები შესვენებაზე საყაიმო ანგარიშით გავიდნენ.
შესვენების შემდეგ კი ბარსამ სადავეები ხელთ იგდო და მეტოქეს ორი უპასუხო გოლიც გაუტანა — 63-ე წუთზე დანი ოლმომ ბრწყინვალე დარტყმით ცხრიანიდან აბლაბუდა ჩამოხსნა, 71-ზე კი რობერტ ლევანდოვსკიმ თავისი გოლით ავტოგოლიც გამოისყიდა და მატჩის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.
ამ გამარჯვებით ბარსელონამ 13 ქულა დააგროვა და ბოლო ტურის წინ 8 საუკეთესოში მოხვედრის შანსები შეინარჩუნა. ამ ეტაპზე ფლიკის გუნდი 13 ქულით მე-9 ადგილს იკავებს და პსჟ-ს, ნიუკასლს და ჩელსის მხოლოდ ბურთების სხვაობით ჩამორჩება.