საქართველოს ნაკრებმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი ბულგარეთში მარცხით დაასრულა. ჩვენი გუნდი ჯგუფის ბოლოადგილოსანთან 1:2 დამარცხდა.
შეხვედრაში ანგარიში მე-10 წუთზე გაიხსნა, როცა სოფიის ცსკა-ს ფორვარდმა გეორგი რუსევმა აკრობატული დარტყმით გაგვიტანა. მალევე, 24-ე წუთზე, ფილიპ კრასტევმა სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა.
ბევრი მცდელობის მიუხედავად, სანიოლის გუნდს რეალური მომენტის შექმნა უჭირდა, ერთადერთი შედეგიანი შეტევა 88-ე წუთზე განახორციელეს - ლუკა ლოჩოშვილმა საჯარიმოში შექმნილი არეულობით ისარგებლა და სხვაობა შეამცირა.
27 წლის მცველისთვის ნაკრებში გამართულ 28-ე თამაშში მე-5 საგოლე მოქმედებაა - 3 გოლი და 2 ასისტი. ოფიციალურ შეხვედრებში პირველი გოლი შეაგდო, რადგან აქამდე ტაილანდსა და ფარერებს ამხანაგურ მატჩებში გაუტანა.
საბოლოოდ, საქართველოს ნაკრებმა შესარჩევი ეტაპის 6 ტურში მხოლოდ 3 ქულა დააგროვა და ბოლოსწინა, მე-3 ადგილზე გავიდა. ჯვაროსნებმა შინ ბულგარეთს 3:0 მოუგეს, დანარჩენ 5-ვე თამაშში კი დამარცხდნენ.