საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ, გერმანიასთან 0:2 მარცხის შემდეგ, პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.
"ყველაფერი ლოგიკურია. ვიცოდით, რომ გაგვიჭირდებოდა და გაგვიჭირდა კიდეც. ჩვენ შორის დღესდღეობით დიდი სხვაობაა.
ჩემს ფეხბურთელებზე რაც შემიძლია ვთქვა ისაა, რომ ისინი მაქსიმუმს აკეთებენ და დღესაც მაქსიმუმი გააკეთეს. მიცემული დავალებები ნორმალურად შეასრულეს, თუმცა ბურთის ფლობის კომპონენტში პრობლემები გვქონდა, განსაკუთრებით შეტევაში და ამ მხრივ სამუშაო ბევრია.
ნებისმიერი სახის დანაკლისი, თუნდაც 1 ფეხბურთელი იყოს, ჩვენთვის უდიდესია და პროცესში ამის შეცვლა რთულია. მაგალითად, ოქტომბრის მატჩებისას სხვა დაცვის ხაზი თამაშობდა, ცენტრალური მცველები და საყრდენები მყავს მხედველობაში და ისე გამოვიდა, რომ ყველაზე მთავარი შეხვედრებისას მთლიანად გუნდის ხერხემალი გამოგვაკლდა. თუმცა, ვიტყოდი, რომ იმ ბიჭების მიმართ, ვინც მათ ცვლიან, საპრეტენზიო არაფერი მაქვს, რადგან სასურველი შედეგისთვის ყველაფერს აკეთებენ.
გუნდში ბევრი პრობლემაა და ეს მხოლოდ ფეხბურთელების დანაკლისს არ ეხება. ვთვლი, რომ ამ შესარჩევში მე-3 ადგილის დაკავება ჩვენთვის კარგი შედეგი იქნება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ დარჩენილ თითოეულ მატჩში მოსაგებად არ ვითამაშებთ", - განაცხადა სვანაძემ.
5 ტურის შემდეგ, ჩვენს ახალგაზრდულ ნაკრებს 5 ქულა აქვს და ლატვიასა (2 ქულა) და მალტას (0 ქულა) უსწრებს, ჩრდ. ირლანდიას (7 ქულა), გერმანიასა (12 ქულა) და საბერძნეთს (15 ქულა) კი ჩამორჩება.
რამაზ სვანაძის გუნდი მომდევნო თამაშს 2026 წლის 27 მარტს, ლატვიის 21-წლამდელთა ნაკრების წინააღმდეგ შინ გამართავს.