საქართველოს ნაკრებმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი ბულგარეთში მარცხით დაასრულა. ჩვენი გუნდი ჯგუფის ბოლოადგილოსანთან 1:2 დამარცხდა.
მატჩის შემდეგ, ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია გამართა.
"მთელი თამაში ბურთი გვეჭირა, მეტოქემ ის ორჯერ მიიღო და 2 გოლი გაიტანა, წარმოუდგენელია.
ფეხბურთელებთან ჩემი ურთიერთობა ძალიან კარგ დონეზეა. ევროპის ჩემპიონატის სახით, ჩემი ფეხბურთელები ცას შეეხნენ, იმის შემდეგ კი დამოკიდებულება შეცვლილია - თუკი იქამდე მათ თვალებში ვხედავდი, რომ მოგებისთვის მეტოქის შეჭმა შეეძლოთ, ახლა ასე აღარაა. როცა საქართველოს ნაკრები ხარ და პატარა გუნდი ხარ, ამის საშუალება არ გაქვს. ამის გაკეთება არ შეიძლება.
ჩვენ ერთადერთი გზა გვაქვს, პოზიტიური დინამიკა უნდა დავიბრუნოთ. უნდა გავიაზროთ და გავაანალიზოთ, რომ მსოფლიოში საუკეთესო გუნდი არ ვართ, მაგრამ ამავდროულად უნდა ვიმუშაოთ ისე, რომ იმაზე უკეთესი გავხდეთ, ვიდრე ვართ.
მომავალ მატჩებში, მარტსა და ივნისში, როცა ერთა ლიგა დაიწყება, ბევრი ცვლილება და ბევრი განსხვავება იქნება. ფეხბურთელებს ეცოდინებათ, რომ ასეთ მიდგომას აღარ უნდა შეეგუონ. პოზიტიურ გზაზე უნდა დავბრუნდეთ", - განაცხადა სანიოლმა.
ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდრე იაშვილმა 7 ნოემბერს კომენტარი გააკეთა, რომ სანიოლი მომავალ წელსაც ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი იქნება: "ჩვენ ამ რთულ პერიოდს ერთად დავძლევთ. ვილი მომდევნო წელსაც საქართველოს ნაკრების მწვრთნელი იქნება.
კონტრაქტზე მნიშვნელოვანი ურთიერთობებია და ის, თუ რა სამუშაოს ატარებს მწვრთნელი გუნდში".
საქართველოს ნაკრებმა შესარჩევი ეტაპის 6 ტურში მხოლოდ 3 ქულა აიღო და ბოლოსწინა, მე-3 ადგილზე გავიდა. ჯვაროსნებმა შინ ბულგარეთს 3:0 მოუგეს, დანარჩენ 5-ვე თამაშში კი დამარცხდნენ.