ავსტრალიან ოუფენზე მერვედფინალური ეტაპის პირველი სათამაშო დღე გაიმართა და 5 მეოთხედფინალისტიც გაირკვა.
საინტერესოა, რომ ოთხივე მატჩი მეტწილად უბრძოლველი გამოდგა და ყველა 3 სეტში დასრულდა.
პირველ შეხვედრაში კარლოს ალკარასმა ამერიკელი ტომი პოლი გაუშვა სახლში და როგორც აღმოჩნდა, ანგარიშით ყველაზე დაძაბული და თანაბარი თამაშიც ეს გამოვიდა — 7:6 (6), 6:4 7:5 და კარლოსი ტურნირზე სვლას კვლავ სეტის წაგების გარეშე აგრძელებს.
შემდეგ კორტზე ალექს ზვერევი და ფრანსისკო სერუნდოლო გავიდნენ და გერმანელმა ფავორიტის სტატუსი წარმატებით გაამართლა — 6:2 6:4 6:4 და მიშა 1/4 ფინალში მიდის.
ერთადერთი მეტნაკლებად „სენსაცია" რასაც შეგვიძლია დავარქვათ, მესამე მატჩში მოხდა, სადაც ლერნერ ტიენმა დანილ მედვედევი გაუშვა სახლში — 6:4 6:0 6:3. თუმცა, 29-ე ნომერმა რუსი ჩოგბურთელი ავსტრალიიდან ზედიზედ მეორედ გამოთიშა და, ამიტომ, მთლად სენსაციასაც ვეღარ დავარქმევთ ამ შედეგს.
ბოლოს კი, საღამოს სესიაში ალექსანდრ ბუბლიკმა კორტების მასპინძელ ალექს დე მინორს ვერაფერი დაუპირისპირა და მხოლოდ ექვსი გეიმის მოგება შეძლო — 6:4 6:1 6:1 და დე მინორიც საშინაო სლემის 1/4 ფინალშია.
შედეგად, მივიღეთ პირველი მეოთხედფინალური წყვილებიც:
ალკარასი — დე მინორი
ზვერევი — ტიენი
ბადის ქვედა ნაწილის მერვედფინალები უკვე ხვალ, 26 იანვარს გაიმართება და მელბურნ-პარკზე შემდეგი თამაშების ხილვა იქნება შესაძლებელი:
მუსეტი — ფრიცი
შელტონი — რუუდი
დარდერი — სინერი
მეოთხე 1/8 ფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩს და იაკუბ მენსიკს უნდა ეთამაშათ, თუმცა ჩეხი ტრავმის გამო მატჩს ერთი დღით ადრე ჩაეხსნა, რაც იმას ნიშნავს, რომ გრენდ სლემების 24 გზის გამარჯვებული უკვე ოფიციალურად 1/4 ფინალისტია და თავის მეტოქეს მუსეტი-ფრიცის წყვილის შედეგად შეიტყობს.