21 ივლ, 2026 · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
UEFA-ს პრეზიდენტი ალექსანდერ ჩეფერინი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს პროტესტის ნიშნად არ დაესწრო. გავრცელებული ინფორმაციით, ფოლარინ ბალოგუნის საქმემ მხოლოდ ნაწილობრივ განაპირობა UEFA-ს უკმაყოფილება FIFA-ს მიმართ.
The Times-მა პირველმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სლოვენიელი ფუნქციონერი ნიუ-ჯერსიში გამართულ ფინალს არ ესწრებოდა. წყაროების ცნობით, UEFA-სა და მსოფლიო ფეხბურთის მმართველ ორგანოს, FIFA-ს, შორის ურთიერთობა ამჟამად სერიოზულად არის დაძაბული.
ცნობილია, რომ ჩეფერინმა შეგნებულად გადაწყვიტა ფინალის გამოტოვება. მისი უკმაყოფილება FIFA-ს მსოფლიო ჩემპიონატის მართვის არაერთ ასპექტს უკავშირდება.
UEFA-მ საჯაროდ გააკრიტიკა FIFA-ს სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილება, რომელმაც აშშ-ის ნაკრების თავდამსხმელ ფოლარინ ბალოგუნს ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია შეუჩერა.
ევროპულმა ფეხბურთის მმართველმა ორგანომ ეს გადაწყვეტილება „უპრეცედენტოდ, გაუგებრად და გაუმართლებლად“ შეაფასა და განაცხადა, რომ FIFA-მ „წითელი ხაზი გადაკვეთა“.
დისკვალიფიკაციის შეჩერებას წინ უსწრებდა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიმართვა FIFA-ს პრეზიდენტ ჯანი ინფანტინოსადმი, რომელშიც მან ბალოგუნის წითელი ბარათის „გადახედვა“ მოითხოვა. ამან გააჩინა კითხვები FIFA-ს გადაწყვეტილებებზე შესაძლო პოლიტიკური გავლენის შესახებ.
ამ გავლენის საპასუხო ძალა FIFA-ს, როგორც ჩანს, არ გააჩნდა. ორგანიზაციამ ვერ შეძლო აშშ-ის ხელისუფლების შეჩერება, რომელმაც სომალელი არბიტრი ომარ არტანი ტურნირის დაწყებამდე სამშობლოში დააბრუნა. მოგვიანებით კი UEFA-მ არტანი მომავალ თვეში გასამართი UEFA-ს სუპერთასის ფინალის მთავარ მსაჯად დანიშნა.
FIFA-მ ასევე ვერ უზრუნველყო ირანისთვის სხვა 47 მონაწილე ქვეყნის თანაბარი მოპყრობა. ირანის ნაკრებს აშშ-ში შესვლისა და ქვეყნიდან გასვლის განსაკუთრებული შეზღუდვები დაუწესდა.
ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ამირ ღალენოეიმ განაცხადა, რომ მისი გუნდი მსოფლიო ჩემპიონატზე „ყველაზე მეტად დაჩაგრული“ იყო, ხოლო აშშ-ის შიდა უსაფრთხოების მდივანმა მარკუეინ მალინმა თქვა, რომ ირანის ნაკრების ტურნირიდან გავარდნის შემდეგ „სიხარულის ცეკვა იცეკვა“.
UEFA-ში უკმაყოფილებას იწვევს FIFA-ს მზადყოფნაც, მსოფლიო ჩემპიონატის დროს ფეხბურთის წესები საჭიროების შემთხვევაში შეცვალოს ან გვერდი აუაროს.
ამის მაგალითად სახელდება ჰიდრატაციის შესვენებები, რომლებმაც მატჩები ფაქტობრივად ოთხ მეოთხედად დაყო და ტელემაუწყებლებს სარეკლამო ბლოკების ჩართვის შესაძლებლობა მისცა.
ასევე, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის შესვენება 27 წუთს გაგრძელდა, მაშინ როცა ფეხბურთის წესებით შესვენების მაქსიმალური ხანგრძლივობა 15 წუთია.
UEFA არც იმ ახალ წესებს გეგმავს დანერგოს, რომლებიც მსოფლიო ჩემპიონატზე გამოიყენეს. მათ შორისაა VAR-ის პროტოკოლის ახალი ინტერპრეტაცია „შეცდომით იდენტიფიცირების“ შემთხვევებზე, რის გამოც შვეიცარიელმა ბრელ ემბოლომ არგენტინასთან მეოთხედფინალში წითელი ბარათი მიიღო, ასევე ფეხბურთელების გაძევება იმ შემთხვევაში, თუ ისინი მეტოქესთან საუბრისას პირზე ხელს იფარებენ.
ჩეფერინმა საჯაროდ გააკრიტიკა FIFA-ს ბილეთების ფასების პოლიტიკაც. UEFA-მ უკვე განაცხადა, რომ ევრო 2028-ის ბილეთების 40% ყველაზე ხელმისაწვდომ კატეგორიაში იქნება, დაახლოებით 30 ან 60 ფუნტის ფასად. გარდა ამისა, ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ პირობა დადო, რომ დინამიკური ფასების სისტემას არ გამოიყენებს.
აღსანიშნავია, რომ ჩეფერინი მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის მატჩს, რომელიც 11 ივნისს მეხიკოში გაიმართა, დაესწრო.

თაზო ჩარკვიანი
კომენტარები

