VIDEO: ნაბიჯი ექვსეულისკენ - მამუს ტორონტომ მაიამი დაამარცხა, კონკურენტებმა წააგეს
3 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
სანდრო მამუკელაშვილის ტორონტო რეპტორსმა საკუთარ მოედანზე მაიამი ჰიტს მოუგო და კონფერენციის მე-6 ადგილი საგრძნობლად გაიმყარა - 121:95.
კანადელებს მთელი შეხვედრის განმავლობაში უპირატესობა ჰქონდათ და მეტოქეს ოთხივე მეოთხედი მოუგეს. დავამატოთ, რომ სეზონში 3-დან მე-3 ურთიერთშეხვედრაში დაამარცხეს.
რეპტორსის მხარეს ტრადიციული ოთხეული გამოირჩა - სკოტი ბერნსი (25 ქულა, 8 მოხსნა, 5 ასისტი), ბრენდონ ინგრამი (23 ქულა, 6 მოხსნა, 3 ასისტი), ჯეიკობ პიოლტლი (17 ქულა, 6 მოხსნა, 3 ასისტი) და არ ჯეი ბერეტი (16 ქულა, 8 მოხსნა, 2 ასისტი).
მათ შემდეგ, ყველაზე შედეგიანი სწორედ მამუ გახლდათ - 22:16 წუთი ითამაშა და საკუთარ გუნდს 11 ქულა, 5 მოხსნა, 1 ასისტი შეჰმატა.
დარკო რაიაკოვიჩის გუნდისთვის კარგი ამბავია, რომ პარალელურ შეხვედრებში მთავარი კონკურენტები დამარცხდნენ - ფილადელფია და შარლოტი. შესაბამისად, ახლა ტორონტოს 44 მოგება აქვს, ფილადელფიას, შარლოტსა და გოგა ბითაძის ორლანდოს კი - 43-43. ეს 4 გუნდი პირდაპირ 1/8 ფინალში გამსვლელი მე-6 ადგილისთვის იბრძვის.
საგულისხმოა ისიც, რომ გუშინ გამთენიისას წააგო კონფერენციის მე-5 ადგილოსანმა, ატლანტა ჰოუქსმა, რომელსაც კანადელები უკვე მხოლოდ 1 მოგებით ჩამორჩებიან.
10 აპრილის 04:00 საათზე, ტორონტო კვლავ მაიამი ჰიტს უმასპინძლებს, შემდეგ კონფერენციის მე-3 ადგილოსან ნიუ იორკ ნიქსს ესტუმრება, ხოლო რეგულარულს მე-13 ადგილოსან ბრუკლინ ნეტსთან საშინაო მატჩით დაასრულებს.