ეროვნულ ლიგაში მე-6 ტურის მატჩები ჩატარდა და ლიდერ სპაერს მოქმედი ჩემპიონი იბერია 1999 წამოეწია.
იბერიელებმა წყალტუბოს სამგურალს, გურამ გოშთელიანისა და ლუკას კაფეს გოლებით, 2:1 მოუგეს, სეზონში მე-3 გამარჯვება იზეიმეს და 10 ქულა მოაგროვეს.
ტურის მთავარ მატჩს ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონმა უმასპინძლა - ტორპედომ დინამო თბილისთან ნულოვანი ფრე ითამაშა და ლიდერებთან 1 ქულამდე მიახლოვების შანსი ხელიდან გაუშვა.
სათქმელია, რომ ჩემპიონატის ბოლოადგილოსანს ვერ მოუგო საშინაო მატჩი ვიცე-ჩემპიონმა, დილამ - გორელები ოთარ ფარულავამ დააწინაურა, თუმცა გაგრელებმა პირველსავე ტაიმში გაათანაბრეს.
აღსანიშნავია ისიც, რომ ჩემპიონატში დაუმარცხებელი გუნდი აღარაა მას შემდეგ, რაც რუსთავმა დინამო ბათუმს 3:0 მოუგო.
1. სპაერი (თბილისი) - 10 ქულა;
2. იბერია (თბილისი) - 10 ქულა;
3. სამგურალი (წყალტუბო) - 8 ქულა;
4. რუსთავი (რუსთავი) - 7 ქულა;
5. ტორპედო (ქუთაისი) - 7 ქულა;
6. დილა (გორი) - 7 ქულა;
7. დინამო (ბათუმი) - 6 ქულა;
8. დინამო (თბილისი) - 6 ქულა;
9. მეშახტე (ტყიბული) - 6 ქულა;
10. გაგრა (თბილისი) - 5 ქულა.
ბომბარდირთა დავას, 4 გოლით, რუსთავის ფორვარდი ჟანი ლიდერობს, 3 გოლი აქვს სპაერის მარცხენა მცველ გიგა სამხარაძეს - 3-ვე პენალტით.
შაბათს, 11 აპრილს, 1-ელი ტურის გადადებული 3 მატჩი ჩატარდება: დილა რუსთავს მიიღებს, დინამო თბილისი - დინამო ბათუმს, ხოლო იბერია 1999 - მეშახტეს.
ფოტო: FC Iberia 1999