VIDEO: ტრავმებით ჩაშხამებული ტოპ მატჩი პარიზში - პსჟ-მ ბარსელონა დაამარცხა
1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ჩემპიონთა ლიგის საერთო ეტაპის მე-3 ტურში პსჟ-მ ბარსელონას სეზონის პირველი მარცხი აგემა.
პარკ დე პრენსზე გამართული შეხვედრა ბოლო ორი წლის გამარჯვებულმა დამაჯერებელი ანგარიში 4:2 მოიგო.
პირველი ტაიმის ერთადერთი გოლი 38-ე წუთზე დეზირე დუემ გაიტანა. თუმცა, გოლამდე ორი ცვლილება ვიხილეთ - მე-20 წუთზე ტრავმის გამო თამაშის გაგრძელება უსმან დემბელემ ვერ მოახერხა, 27-ზე კი დანი ოლმომ მიიღო დაზიანება და ნაადრევად მოუწია მოედნის დატოვება.
მთავარი სანახაობა მეორე ნახევარში შედგა - 55-ე წუთზე ჩავი ესპარტმა ანგარიში გაათანაბრა, აქედან ოთხ წუთში კი პსჟ-ს ტრავმების მორიგი კასკადი დაატყდა თავს, 59-ე წუთზე თამაშის გაგრძელება ხვიჩა კვარაცხელიამ და მარკინიოსმა ვერ მოახერხეს, მათ ნაცვლად მოედანზე ილია ზაბარნი და მაგნეს აკლიუში გამოჩნდნენ.
ტრავმებით შესუსტებულმა პსჟ-მ წინ გასვლა 72-ე წუთზე მაინც მოახერხა, როცა ლუკას ერნანდესმა თავური დარტყმით დააწინაურა პარიზული გუნდი.
79-ე წუთზე ლამინ იამალის ინდივიდუალური ოსტატობით ბარსამ მეორედაც გაათანაბრა ანგარიში, თუმცა პსჟ-ს პასუხმა კვლავ არ დააყოვნა და ორ წუთში ვიტინიამ პარიზელები მესამედ გაიყვანა წინ ამ მატჩში.
წერტილი კი ფაბიან რუისმა 86-ე წუთზე დასვა. პსჟ-მ ლიგაზე 3-დან 3 გამარჯვება მოიპოვა, ბარსამ კი ზედიზედ 10 გამარჯვების შემდეგ, სეზონის პირველი მარცხი იწვნია.