ფრაიბურგის 20 წლის ტალანტი, იოჰან მანზამბი, ბაიერნის მთავარი სატრანსფერო სამიზნე გახდა.
მიუნხენურ გრანდში მას ლეონ გორეცკას პოტენციურ შემცვლელად განიხილავენ. საინტერესოა, რომ ახალგაზრდა ნახევარმცველის კუმირი მანუელ ნოიერია: „ბავშვობაში ჩემი მისაბაძი მაგალითი მანუელ ნოიერი იყო“, - განუცხადა მან Sky-ს. იოჰანს თავიდან მეკარეობა სურდა, თუმცა ოჯახის წევრებმა გადაწყვეტილება შეაცვლევინეს.
მანზამბიმ ფრაიბურგში თავის დასამკვიდრებლად სულ რაღაც 11 მატჩი იკმარა. დღეს ის გუნდის ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშეა, რომლის ანგარიშზეც 40 მატჩში 6 გოლი და 7 საგოლე გადაცემაა. მწვრთნელ იულიან შუსტერის თქმით, მას „შესანიშნავი სრული პაკეტი“ აქვს - ის არის მამაცი, კრეატიული და დინამიკურობით დორტმუნდის ფელიქს ნმეჩას ჰგავს. თავად ფეხბურთელი ამბობს, რომ შეუძლია ითამაშოს თითქმის ნებისმიერ პოზიციაზე.
მანზამბის მიმართ ინტერესს ბაიერნთან ერთად პსჟ და ინგლისური გრანდებიც იჩენენ. ფრაიბურგი მოთამაშეს 30 მილიონ ევროზე მეტად აფასებს, რაც კლუბისთვის რეკორდული გაყიდვა იქნება. იოჰანის ამბიციები დიდია: „ჩემი გრძელვადიანი მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგებაა“. მიმდინარე სეზონის შემდეგ, როცა წინ მსოფლიო ჩემპიონატია, მისი ტრანსფერის გარშემო დიდი ბრძოლაა მოსალოდნელი.