მადრიდის რეალში ვინისიუს ჟუნიორის მომავალთან დაკავშირებით სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა.
მიუხედავად იმისა, რომ ბრაზილიელი ვარსკვლავის გადაბირებით ევროპული გრანდები, მათ შორის ლონდონის არსენალი და ლივერპული აქტიურად ინტერესდებიან, ესპანური მედიის ექსკლუზიური ინფორმაციით, მოლაპარაკებებში სრულიად მოულოდნელი გარდატეხა მოხდა.
გამოცემა AS-ის ჟურნალისტის, მარკო რუისის მტკიცებით, არსენალის სერიოზული მცდელობების მიუხედავად, ვინისიუსის მთავარი პრიორიტეტი სამეფო კლუბში დარჩენაა. მადრიდელებსაც იგივე სურთ და კატეგორიულად უარყოფენ ხმებს, თითქოს იან დიომანდეს მოსალოდნელი ტრანსფერი ბრაზილიელის გუნდიდან გაშვებას ნიშნავს.
უახლოეს დღეებში ფეხბურთელი და კლუბის ხელმძღვანელობა საბოლოო შეხვედრას გამართავენ, სადაც ყველაფერს წერტილი დაესმება. შვებულებიდან დაბრუნებული ვინისიუსი პირველ რიგში ჟოზე მოურინიოს პროექტში საკუთარი როლის გარკვევას ითხოვს. თავის მხრივ, პორტუგალიელ სპეციალისტს ის გუნდის უმთავრეს ფიგურად მიაჩნია. მოურინიოს მთავარი მიზანია, რომ შეტევაში ვინისიუსის, კილიან მბაპესა და იან დიომანდეს სასიკვდილო ტრიო შექმნას, რომელთა უკანაც ჯუდ ბელინგემი ითამაშებს.
ამ ეტაპზე მთავარ დაბრკოლებად ფინანსური დეტალები რჩება. ბრაზილიელი, რომელსაც ამჟამინდელი კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს, სეზონში სუფთა ხელფასის სახით 20 მილიონ ევროს ითხოვს, მაშინ როცა ამჟამად ის 15 მილიონს იღებს. ბოლო პერიოდში ფეხბურთელი თავს სათანადოდ დაფასებულად ვერ გრძნობს, რადგან რეალი გამუდმებით ხულიან ალვარესსა და მაიკლ ოლისეს ტრანსფერებს უკავშირდება. მიუხედავად ამისა, ორივე მხარე კომპრომისისთვის მზადაა.
სამეფო კლუბისთვის ვინისიუსის კონტრაქტის გახანგრძლივება ზაფხულის მთავარი სატრანსფერო გამარჯვება იქნება.