სეზონის გადამწყვეტი ფაზის წინ, რეალ მადრიდი შესაძლოა უმძიმესი დანაკლისის წინაშე დადგეს.
25 წლის ბრაზილიელი შემტევი, რომელიც 2026 წელს ფანტასტიკურ ფორმაშია, შესაძლოა ლაზარეთში აღმოჩნდეს.
როგორც Globoesporte იუწყება, ვინისიუს ჟუნიორის მონაწილეობა ხორვატიასთან დაგეგმილ ამხანაგურ მატჩში დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ფეხბურთელმა პარასკევის სავარჯიშო სესია გამოტოვა, მიზეზი კუნთის დისკომფორტია. მიუხედავად ამისა, ბრაზილიის ნაკრების სამედიცინო შტაბი ოპტიმისტურადაა განწყობილი და იმედოვნებს, რომ ვარსკვლავი ოთხშაბათს მოედანზე გასვლას შეძლებს.
დაპირისპირება კლუბსა და ნაკრებს შორის
ეს სიახლე რეალ მადრიდში ძალიან მტკივნეულად მიიღეს. კლუბში მიიჩნევენ, რომ თუ ტრავმის საფრთხე არსებობს, ვინისიუსი დაუყოვნებლივ ესპანეთში უნდა დაბრუნდეს. მადრიდელებს აშინებთ ის ფაქტი, რომ ბრაზილიის ნაკრები მზადაა ფეხბურთელი ამხანაგურ შეხვედრაში გარისკოს, რაც შესაძლოა მძიმე შედეგით დასრულდეს.
სამეფო კლუბისთვის ნათელი მაგალითი რაფინიას შემთხვევაა. საფრანგეთთან ამხანაგურ მატჩში ბარსელონას შემტევმა კუნთის დაზიანება მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა. სამედიცინო შემოწმებამ დაადასტურა, რომ კატალონიელებს ლიდერი მომდევნო 5 კვირის განმავლობაში დააკლდებათ. რეალ მადრიდში შიშობენ, რომ ხორვატიასთან თამაშის შემთხვევაში, ვინისიუსსაც მსგავსი ბედი ელის.
ვინისიუსი რეალისთვის შეუცვლელია
ვინისიუს ჟუნიორი, რომელიც სეზონის ბოლოს კლუბთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს, გუნდისთვის საკვანძო ფიგურაა. ლა ლიგასა და ჩემპიონთა ლიგაზე ბრძოლის გასაგრძელებლად, ბლანკოსს ჯანმრთელი ვინისიუსი სჭირდება.
ახლა ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, დააყენებს თუ არა ბრაზილიის ნაკრები ფეხბურთელს ხორვატიის წინააღმდეგ, თუ რეალ მადრიდის მოთხოვნას გაითვალისწინებს და მას ნაადრევად გაათავისუფლებს. ბერნაბეუზე მოვლენების მეორე სცენარით განვითარებას იმედოვნებენ.