-
Aa
+
ფონტის ზომა
ქვემსუბუქი წონის მოქმედი ჩემპიონი თეთრ სახლში იმყოფებოდა და საკუთარი თვალით იხილა, როგორ განიცადა მისმა ყოფილმა მეტოქემ კარიერაში პირველი მარცხი.
ვოლკანოვსკის პირველი ჩემპიონობა 2024 წლის თებერვალში სწორედ თოფურიამ დაასრულა ნოკაუტით. ეს გამარჯვება ქართველი მებრძოლის კარიერაში გარდამტეხი აღმოჩნდა, რის შემდეგაც ის სუპერვარსკვლავად იქცა.
არიელ ჰელუანის შოუში საუბრისას ვოლკანოვსკიმ განმარტა, თუ რა გახდა თოფურიას მარცხის მიზეზი:
„ყველაფერმა ერთად იმოქმედა. პირველ რიგში, ჯასტინს უნდა შევუქოთ შესანიშნავი გეგმა. ის ძალიან დისციპლინირებული იყო.
ზუსტად იცოდა, როდის შეეტია, როდის დაეცვა თავი და როგორ დაეკავებინა უსაფრთხო პოზიციები. გეგმის იდეალურად შესრულებამ უდიდესი როლი ითამაშა.
ვფიქრობ, ილია ზედმეტად აგრესიული იყო. თავიდანვე ყველაფრის სწრაფად დასრულება უნდოდა და სწორედ ამიტომ მიიღო დიდი ზიანი ადრეულ რაუნდებში.
მიუხედავად იმისა, რომ პირველ რაუნდებში წარმატებაც ჰქონდა, ეს დაზიანებები თანდათან გროვდებოდა. გეიჯი უკუსვლაზე შესანიშნავად მუშაობდა ჯებით და საკმარისად უსაფრთხოდ მოძრაობდა.
მაშინაც კი, როცა ილია კარგ კომბინაციებს ატარებდა, ჯასტინი დარტყმებს კარგად იღებდა და ისე რეაგირებდა, რომ ნოკაუტამდე საქმე არ მიდიოდა.
შემდეგ კი ნელ-ნელა უფრო და უფრო მეტ წარმატებას აღწევდა.“
ვოლკანოვსკის თქმით, გეიჯის უპირატესობა ბრძოლაშივე თავიდანვე გამოჩნდა. ამერიკელი მებრძოლი ძლიერი ჯებებით მუდმივად მუშაობდა, ხოლო თოფურია მზად იყო, ეს დარტყმები მიეღო და წინ წასულიყო.
მიუხედავად იმისა, რომ თოფურიამ მეორე რაუნდში ინიციატივა ნაწილობრივ დაიბრუნა, ვოლკანოვსკის აზრით, ასეთი აგრესიული სტარტის შემდეგ მას ნელ-ნელა დაეტყო დაღლა.
„მას ნამდვილად შეეძლო ამის გაკეთება, მაგრამ თუ სწრაფად ვერ ამთავრებ ბრძოლას, ყველაფერი რთულდება.
ასეთ დროს დარტყმებში შედიხარ და ენერგიასაც კარგავ. სწორედ ეს მოხდა.
ეს რისკი ილიამ თავად აიღო საკუთარ თავზე. შეიძლებოდა, ეს ყველაფერი მის სასარგებლოდ დასრულებულიყო.
ვნახეთ, რამდენჯერმე როგორ დააზიანა ჯასტინი, მაგრამ გეიჯიმ შესანიშნავად გადაიტანა ეს მომენტები და საკმარისად ფრთხილად იბრძოდა, რათა თავისი საქმე გაეკეთებინა.“
მიუხედავად შეცდომებისა, ვოლკანოვსკი დარწმუნებულია, რომ თოფურიას რევანშში მოგება შეუძლია.
თუ სწორ ბრძოლას ჩაატარებს, ამ მარცხიდან ბევრს ისწავლის. ჩემი აზრით, ილია რემატჩს მოიგებს. ეს ჯასტინის მიმართ უპატივცემულობა არ არის.
უბრალოდ, ილია ფავორიტი შემთხვევით არ ყოფილა. თუ ნაკლებად იჩქარებს, უკეთეს დისტანციაზე იმუშავებს და იმ ხაფანგებს შექმნის, რასაც ჩვეულებრივ აკეთებს, საბოლოოდ თავის შანსს აუცილებლად იპოვის. ვფიქრობ, სწორედ ზედმეტმა აგრესიამ დაღუპა ამ ბრძოლაში.“
რაც შეეხება თავად ვოლკანოვსკის, ის კვლავ მომდევნო ბრძოლის მოლოდინშია. ქვემსუბუქი წონის ჩემპიონმა ბოლო შეხვედრა თებერვალში ჩაატარა, როდესაც დიეგო ლოპესს რემატჩში მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით სძლია.
ავსტრალიელი სექტემბერში ოქტაგონზე დაბრუნების იმედს ინარჩუნებს, თუმცა ამ ეტაპზე ამის დიდი მოლოდინი არ აქვს.

თაზო ჩარკვიანი
კომენტარები

