ჟოაო პედრომ ნოტინგემ ფორესტთან 3:1 მარცხის შემდეგ ჩელსის გულშემატკივრების მიმართ თანაგრძნობა გამოხატა.
ლონდონური კლუბისთვის ეს ზედიზედ მეექვსე წაგება იყო პრემიერ ლიგაში, რაც 1993 წლის შემდეგ პირველად მოხდა. ამ შედეგმა გუნდს მომავალი სეზონის ჩემპიონთა ლიგაზე ავტომატური კვალიფიკაციის ყოველგვარი შანსი დაუკარგა.
ჩელსის კრიზისი გრძელდება: რა ელის გუნდს?
ჩელსიმ გოლი შეხვედრის დაწყებიდან 98-ე წამზე გაუშვა, როდესაც ტაივო ავონიიმ ანგარიში გახსნა. ვიტორ პერეირამ შემადგენლობაში რვა ცვლილება განახორციელა ასტონ ვილასთან ევროპა ლიგის საპასუხო ნახევარფინალის წინ, თუმცა მისი გუნდი მაინც ყველა კომპონენტში სჯობდა მასპინძლებს.
მოგვიანებით იგორ ჟესუსმა პენალტით ანგარიში 2:0 გახადა, შემდეგ კი ავონიიმ მორგან გიბს-უაიტის გადაცემით დუბლი გაიფორმა. ჟოაო პედრომ დამატებულ დროში მაკრატელა დარტყმით ერთი გოლი გაქვითა, რითაც გუნდმა თავი აარიდა ანტირეკორდს - ზედიზედ ექვს
წაგებას გატანილი გოლის გარეშე. მატჩის განმავლობაში კოულ პალმერმა ვერ გამოიყენა პენალტი და დებიუტანტმა ჯესი დერიმ თავის სერიოზული ტრავმა მიიღო.
მარცხის შემდეგ ჩელსი მეცხრე ადგილზე დაეშვა, რაც ევროტურნირების საგზურის მოპოვებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. ჟოაო პედრომ აღნიშნა, რომ გუნდმა უნდა იპოვოს გზა მსგავსი შეცდომების თავიდან ასაცილებლად და ყოველი ქულისთვის იბრძოლოს.
თავის მხრივ, ფორესტის გმირმა ავონიიმ იმედი გამოთქვა, რომ მისი გუნდი ასტონ ვილასთან საქმეს ბოლომდე მიიყვანს და ევროპა ლიგის ფინალში გავა.