ჩელსი ახალი მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე ბარსელონას ყოფილ მწვრთნელს, ჩავი ერნანდესს განიხილავს.
ლონდონური კლუბი ახლა ე.წ. თვითრეფლექსიის პერიოდს გადის მას შემდეგ, რაც ლიამ როსენიორის დანიშვნამ არ გაამართლა და გუნდმა, ასოციაციის თასის გარდა, იმედგაცრუებით აღსავსე სეზონი ჩაატარა. კლუბის ხელმძღვანელობას სურს, რომ წინასასეზონო სამზადისისთვის ყველაფერი მზად იყოს, ამიტომ აქტიურად მსჯელობენ მომავალ ნაბიჯებზე.
კლუბში მიიჩნევენ, რომ მათ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს ერთიანი საფეხბურთო იდენტობის ჩამოყალიბებაში, რაც აკადემიის ყველა ასაკობრივ ჯგუფში უკვე თვალსაჩინოა.
ჩელსის ენცო მარესკას მსგავსი პრინციპების მქონე მწვრთნელი სურს, რის გამოც ჩავი იმ კანდიდატთა სიაში მოხვდა, სადაც ასევე ფიგურირებენ ჩაბი ალონსო, ფრანჩესკო ფარიოლი და სესკ ფაბრეგასი, თუმცა, მოსალოდნელი არ არის, რომ ფაბრეგასმა ამ ზაფხულს კომო დატოვოს.
რატომ ამბობს ფაბრეგასი უარს ჩელსიში მუშაობაზე?
კიდევ ერთი კანდიდატი ანდონი ირაოლაა, რომელსაც კლუბში დიდ პატივს სცემენ, თუმცა ის სხვა საფეხბურთო სკოლის წარმომადგენლად მიიჩნევა და მის მოსაყვანად ჩელსის თავისი მიდგომების შეცვლა მოუწევს.
ჩავი 2024 წელს ბარსელონადან წასვლის შემდეგ უმუშევარია. კატალონიურ გუნდში გატარებული სამი წლის განმავლობაში მან ერთი საჩემპიონო ტიტული მოიპოვა. მიუხედავად იმისა, რომ მისი წასვლა კამათის საგანი გახდა, არსებობს რწმენა, რომ თავად ჩავიმ ამ პერიოდიდან ბევრი რამ ისწავლა და პრობლემების ნაწილი მის მშობლიურ კლუბთან გადაჭარბებულმა ემოციურმა კავშირმა გამოიწვია.
ახლა კატალონიელი სპეციალისტი ეძებს ისეთ პროექტს, რომელიც მას უფრო მეტ თავისუფლებას მისცემს, ვიდრე ეს ესპანურ ფეხბურთშია შესაძლებელი.