უიმბლდონის ქალთა თანრიგში ფინალური წყვილი გაირკვა.
პირველ ნახევარფინალურ მატჩში ჩეხი კაროლინა მუხოვა ამერიკელ კოკო გოფს დაუპირისპირდა.
შეხვედრა 2 საათი და 38 წუთი გაგრძელდა და საბოლოოდ მუხოვას გამარჯვებით 3 სეტში (6-2, 1-6, 7-6) დასრულდა.
მეორე ფინალისტი კი უკრაინელ მარტა კოსტიუკსა და ჩეხ ლინდა ნოსკოვას შორის გაირკვა. თამაში 1 საათი და 21 წუთი გაგრძელდა და ნოსკოვამ 2 სეტში (6-4, 6-4) იმარჯვა.
შედეგად უიმბლდონის ფინალში ჩეხური ფინალი მივიღეთ, სადაც რეიტინგის მე-9 და მე-12 ნომრები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.
ეს იქნება უიმბლდონის ქალთა ერთეულთა თანრიგის პირველი ფინალი 2009 წლის შემდეგ, რომელშიც ერთი ქვეყნის წარმომადგენლები შეხვდებიან ერთმანეთს. მაშინ ტიტულისთვის ამერიკელი დები, უილიამსები იბრძოდნენ.
მუხოვა და ნოსკოვა ერთმანეთს კარგად იცნობენ, მათ 2024 წლის პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე წყვილთა თანრიგში ერთად იასპარეზეს.
პროფესიონალურ კარიერაში ეს მათი მეორე დაპირისპირება იქნება ერთეულთა თანრიგში. ბოლოს ისინი ერთმანეთს 13 თვის წინ, აშშ-ის ღია პირველობაზე შეხვდნენ.
ფინალის შედეგის მიუხედავად, 21 წლის ნოსკოვა 13 ივლისს განახლებულ რეიტინგში კარიერის საუკეთესო შედეგს დააფიქსირებს და მსოფლიოს მერვე ჩოგანი გახდება.