ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის განმეორებით მატჩში ბარსელონა პსჟ-ს მიიღებს.
ბარსელონა - პსჟ (23:00) - უყურე მატჩს უფასოდ adjarabetarena-ზე.
გუნდებს შორის პარიზული მატჩი ბარსას გამარჯვებით 2-3 დასრულდა. კატალონიელთა მხრიდან დუბლი რაფინიამ შეასრულა, გამარჯვების გოლი კი კრისტენსენმა მიითვალა. პარიზელთა მხრიდან თავი დემბელემ და ვიტინიამ გამოიჩინეს.
გასულ უიქენდზე პსჟ-ს თამაში არ ჩაუტარებია, ბარსელონამ კი ჟოაო ფელიქსის გოლით კადისი 0-1 დაამარცხა.
დღევანდელ შეხვედრაში ბევრი რამ იქნება დამოკიდებული გუნდების ლიდერებზე, მასპინძელთა მხრიდან ასეთები ლამინ იამალი და რობერტ ლევანდოვსკი არიან.
16 წლის მოთამაშის ანგარიშზე ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში მხოლოდ 1 საგოლე გადაცემაა, მას ჯერ გოლი არ აქვს გატანილი. პოლონელის აქტივში კი მიმდინარე გათამაშებაში 3 გოლი და 1 ასისტია. ასევე არ უნდა დავივიწყოთ რაფინია, რომელმაც პირველ შეხვედრაში დუბლი მიითვალა. აღსანიშნავია, რომ სამივე მოთამაშემ კადისთან მატჩში დაისვენა. იამალმა და რაფინიამ მცირე სათამაშო დრო მიიღეს, ლევანდოვსკის კი საერთოდ არ უთამაშია. ასე რომ ბარსას შემტევები პარიზელებს განახლებული ენერგიით შეუტევენ.
პსჟ-ს მხრიდან, რომელსაც მოსაგები აქვს, რათა შემდეგ ეტაპზე გავიდეს, ბევრი რამ იქნება დამოკიდებული კილიან მბაპესა და უსმან დემბელეზე.
მბაპეს ლიგის მიმდინარე სეზონში 6 გოლი აქვს და საუკეთესო ბომბარდირთა ხუთეულში იმყოფება. მას პირველ შეხვედრაში საგოლე მოქმედება არ მიუთვლია, თუმცა კილიანს იქამდე 2 შეხვედრაში ბარსასთვის 4 გოლი აქვს გატანილი და დღესაც მთავარი საფრთხე სწორედ ის იქნება.
რაც შეეხება დემბელეს, მას ბარსელონაში სავარაუდოდ დიდი წნეხის ქვეშ მოუწევს თამაში. მან პირველ შეხვედრაში ყოფილი გუნდის წინააღმდეგ გატანილი გოლი აღნიშნა, რამაც კატალონიელთა გულშემატკივრების გაბრაზება გამოიწვია.
რა თქვეს მწვრთნელებმა მატჩის წინ?
ჩავი: "ეს შეხვედრა მოთამაშეებზეა და არა მწვრთნელებზე. ყველაფერი მათზე იქნება დამოკიდებული. მონტჟუიკზე დიდი წნეხი უნდა იყოს, ჩვენ გულშემატკივრები გვჭირდება. იქნება რთული მომენტები, როცა პარიზელები შემოგვიტევენ. ეს კამპ ნოუ არ არის, მაგრამ იმედია მისი მსგავსი ატმოსფერო იქნება."
ლუის ენრიკე: "პსჟ პირველ მატჩში სახლში წაგების შემდეგ არასდროს გასულა შემდეგ ეტაპზე, მაგრამ ახლა ჩვენ ამას გავაკეთებთ. გვჯერა, რომ სიტუაციას შემოვაბრუნებთ. გვინდა, ჩვენი თამაში ვითამაშოთ. ბარსას შეუძლია გრძელი პასები გამოიყენოს ლევანდოვსკიზე და ასე შეგვიქმნას პრობლემა. ჩვენზე იქნება დამოკიდებული, შანსებს როგორ შევქმნით. ვფიქრობ, მსგავსი თამაში იქნება, გოლებით ორივე მხარეს."
სავარაუდო შემადგენლობები
ბარსელონა - ტერ შტეგენი; კუნდე, არაუხო, კუბარსი, კანსელო; დე იონგი, გიუნდოგანი, პედრი; იამალი, ლევანდოვსკი, რაფინია.
პსჟ - დონარუმა; ჰაკიმი, მარკინიოსი, ერნანდესი, მენდეში; ზაირ-ემერი, ვიტინია, რუისი; დემბელე, მბაპე, ბარკოლა.
მატჩის მთავარი არბიტრი რუმინელი იშტვან კოვაჩი იქნება, რომელმაც ლიგაზე ამ სეზონში 5 შეხვედრაში იმსაჯა, მოთამაშეებს ჯამში 24 ყვითელი უჩვენა და სულ 2 პენალტი დანიშნა.
კომენტარები
5 საათის წინ
4 საათის წინ