-
Aa
+
ფონტის ზომა
10. დაიანა როსის პენალტი
1994 წლის მუნდიალის გახსნის პატივი ლეგენდარულ დაიანა როსს ერგო. წარმოდგენა დაიანას გატანილი პენალტით უნდა დაწყებულიყო, რის მერეც კარი დაიშლებოდა - ამერიკელმა აიქონმა ახლო მანძილიდან ააცილა ბურთი კარს.
9. კნისნას ამბოხი
2010 წლის მუნდიალი ფრანგებს კარგად ნამდვილად არ ახსენდებათ. ნიკოლას ანელკასა და მთავარ მწვრთნელ, რაიმონდ დომენეკს შორის კონფლიქტის შემდეგ, ფედერაციამ ანელკას სახლში გაშვების გადაწყვეტილება მიიღო, რასაც მთლიანი ნაკრების გაფიცვა მოჰყვა. ფრანგებმა ვარჯიშზე უარი განაცხადეს. გუნდმა ბოლო ტურის მატჩი მაინც ითამაშა და მასპინძელ სამხრეთ აფრიკასთან დამარცხდა - საფრანგეთი ჯგუფში ჩარჩა.
8. ბრაზილიის ჯარიმა ზაირთან
1974 წლის მუნდიალზე ბრაზილიის ნაკრები დებიუტანტ ზაირს, დღევანდელ კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას დაუპირისპირდა. ბრაზილიელთა ერთ-ერთი საჯარიმო დარტყმის დროს ზაირელი ფეხბურთელი ცოცხალი კედლიდან გამოვარდა და ბურთი ბრაზილიელთა შეხებამდე გადააგდო. წლების განმავლობაში ზაირელი მცველის ეს ქმედება აუხსნელი რჩებოდა, შემდეგ გაირკვა, რომ მვეპუ ილუნგა უბრალოდ დროის გაყვანას ცდილობდა.
7. სამი ყვითელი ბარათი
2006 წლის მსოფლიო თასის ჯგუფურ ეტაპზე ერთმანეთს ავსტრალია და ხორვატია დაუპირისპირდნენ - მსაჯმა ხორვატი იოსიპ სიმუნიჩი მას შემდეგ გააძევა, რაც ყვითელი ბარათი მესამდე უჩვენა.
6. რონალდო სათადარიგოთა სკამზე
1998 წლის მუნდიალის ფინალის წინ გაღვიძებულმა რონალდომ აღმოაჩინა, რომ საფრანგეთის წინააღმდეგ გასამართი ფინალის ძირითად შემადგენლობაში არ იყო. როგორც გაირკვა მის ოთახში მცხოვრებ რობერტო კარლოსს ბრაზილიელის ძილის დროს უცნაური კანკალი შეუნიშნავს - მთავარმა მწვრთნელმა ჩათვალა რომ რონალდო ცუდად იყო და შემადგენლობიდან ამოიღო. ამის გაგებით შოკირებულმა ნაზარიომ ყველანაირი გამოკვლევა ჩაიტარა და სამწვრთნელო და საექიმო შტაბი მის ჯანრთელობაში დაარწმუნა. რონალდო განაცხადში დაბრუნდა - ბრაზილიამ 0:3 წააგო.
5. მსოფლიო თასის ქურდობა
1966 წლის მუნდიალის დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე მსოფლიო ჩემპიონატის მთავარი ჯილდო გაქრა - ჟიულ რიმეს თასი ლონდონში, ვესტმინსტერის ცენტრალურ დარბაზში გამართული საჯარო გამოფენიდან მოიპარეს. საკულტო თასი შვიდ დღეში საეჭვო ვითარებაში იპოვეს - დაკარგული ნივთი ძაღლმა, სახელად პიკლზმა ცოცხალი ღობის ქვეშ დამალული აღმოაჩინა.
4. სუარესის სეივი
2010 წლის მუნდიალის მეოთხედფინალური შეხვედრა ურუგვაისა და განას წინააღმდეგ დაუვიწყარი გამოდგა - მატჩის 121-ე წუთზე ლუის სუარესმა აპიას დარტყმული ფეხით მოიგერია, შემდეგ კი ადიაის თავური გამოიტანა კარის ხაზიდან ხელით. მსაჯმა ურუგვაელი გააძევა. ასამოა გიანმა თავისი გუნდის ნახევარფინალში გაყვანა ვერ შეძლო - განელის დარტყმული ხარიხას მოხვდა. პენალტების სერიაში ურუგვაელებმა სებასტიან აბრეუს ლეგენდარული თერთმეტმეტრიანით იმარჯვეს.
გამეორებაზე გამოჩნდა, რომ სუარესის გაძევება არ იყო სამართლიანი გადაწყვეტილება, მაგრამ გულშემატკივართა უმრავლესობას ეს გამორჩა - პირველი დარტყმის მომენტში, განელი ათიანი, სტეფენ აპია აშკარა თამაშგარე მდგომარეობაში იმყოფებოდა.
3. ბატისტონის “მკვლელობა”
1982 წლის მუნდიალის ნახევარფინალს გერმანიასა და საფრანგეთს შორის, სამართლიანად აქვს მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში საუკეთესო მატჩობაზე პრეტენზია. მატჩში ანგარიში პიერ ლიტბარსკიმ გახსნა. პლატინიმ ანგარიში მალევე გათანაბრა - ფრანგმა თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან გაიტანა.
მატჩის 57-ე წუთზე პლატინის ჩინებულ გადაცემას პატრიკ ბატისტონი გამოეხმაურა და ბურთი ტონი შუმახერის კარისკენ გადაგზავნა - კარიდან გამოსული კიპერი ფრანგს საჯარიმოში ბრუტალურად დაეჯახა - ბატისტონი მოედანზე უგონოდ დაეცა. შეჯახების შემდეგ ფრანგმა სამი კბილი დაკარგა, ხერხემლის მალა დაიზიანა და გარკვეული დრო კომაში გაატარა. ბატისტონს მოედანზე ჟანგბადის მიწოდება დასჭირდა - ცენტრალური მცველი მოედნიდან საკაცით გაიყვანეს. შეხვედრის ნიდერლანდელმა არბიტრმა, ჩარლზ კორვერმა წესების დარღვევა არ დააფიქსირა - შუმახერმა თამაში კარიდან დარტყმით განაახლა.
მატჩი დამატებით დროში გადავიდა, სადაც საფრანგეთმა ორბურთიანი უპირატესობაც კი მოიპოვა - გერმანელებმა თამაშში დაბრუნება შეძლეს. მატჩი 3:3 დასრულდა - ფინალისტის ბედი თერთმეტმეტრიანების სერიამ გადაწყვიტა, რომლის გმირიც ამ ისტორიის ბოროტმოქმედი, შუმახერი გახდა - ტონიმ ორი თერთმეტმეტრიანი მოიგერია და გერმანია ფინალში გაიყვანა.
2. ზიდანის თავური
1998 წლის ფინალში გატანილი ორი თავურიდან ზიდანის კარიერაში ყველაზე ცნობილი არცერთი არ არის. ზიზუს ყველაზე ცნობილი თავით თამაში პარიზში გამართული ფინალიდან რვა წლის შემდეგ 2006 წლის მუნდიალი ფინალში ვიხილეთ. პენალტების სერიამდე ცოტა ხნით ადრე, დამატებითი დროის მეორე ნახევარში, ზიდანმა მარკო მატერაცის ოჯახის შეურაცხყოფა არ აპატია და თავი პირდაპირ გულმკერდში ჩაარტყა. მთავარ არბიტრს ეს გამორჩა, მაგრამ ჯანლუიჯი ბუფონმა ყველაფერი კარგად დაინახა და გვერდითა მსაჯთან პროტესტის შემდეგ ინფორმაცია მთავარ მსაჯთანაც მივიდა. ზიდანი მოედნიდან გააძევეს - იტალიამ პენალტების სერიაში იმარჯვა.
1. ღმერთის ხელი
მარადონას “ღმერთის ხელი” არათუ მუნდიალების, არამედ მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში მომხდარი ერთ-ერთი ყველაზე საკულტო მოვლენაა. 1986 წლის მუნდიალის მეოთხედფინალში ერთმანეთს ინგლისი და არგენტინა შეხვდნენ - მატჩი 1982 წელს მომხდარი ფოლკლენდის ომის გაგრძელებად შეირაცხა.
ანგარიში მატჩის 51-ე წუთზე დიეგო მარადონამ შილტონის კარში ხელით გატანილი გოლით გახსნა - დიეგოს ხელით თამაში ყველამ დაინახა მატჩის მთავარი არბიტრის, ალი ბენასეურის გარდა. გოლი ჩაითვალა. იკონური მომენტიდან ოთხ წუთში დიეგომ კიდევ ერთხელ აიღო ინგლისელთა კარი - ამჯერად დიეგომ მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში საუკეთესო გოლი გაიტანა. ინგლისელებმა მატჩში დაბრუნება 81-ე წუთზე მოახერხეს - მუნდიალის ბომბარდირმა, გარი ლინეკერმა თავისი მეექვსე გოლი გაიტანა. დარჩენილ დროში ინგლისელები ვეღარაფერს გახდნენ - არგენტინა ნახევარფინალში გავიდა.
ცოტათი მარადონას თავით, ცოტათი ღმერთის ხელით
თქვა მარადონამ მატჩის შემდეგ.

ნიკოლოზ კვარაცხელია
კომენტარები

