-
Aa
+
ფონტის ზომა
ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ მიუნხენის ბაიერნს, ხოლო ატლეტიკო არსენალს დაუპირისპირდება. დღევანდელ ბლოგში კი მეოთხედფინალების სიმბოლური თერთმეტეულის ჩვენებურ ვერსიას შემოგთავაზებთ.
განლაგება - 3-4-3
მეკარე
ხუან მუსო - ობლაკის შემცვლელს საკმაოდ რთული მისია დაეკისრა, მაგრამ არგენტინელმა საქმეს თავი ბრწყინვალედ გაართვა და დიდი ალბათობით, მუნდიალის საგზურიც მოიპოვა. მუსომ ორივე მატში 7-7 სეივი გააკეთა და ატლეტიკოს შემდეგ ეტაპზე გასვლაში ლომის წვლილი შეიტანა. გამორჩეული იყო მისი სეივი ფერმინ ლოპესის თავური დარტყმის შემდეგ, რომელმაც შესაძლოა ორმატჩიანი დაპირისპირების ბედიც კი გადაწყვიტა.
ცენტრალური მცველები
მარკინიოსი - პარიზელთა დაცვა ლივერპულისთვის გაუვალი კედელი აღმოჩნდა. გამორჩეული იყო გუნდის კაპიტანი. სწორედ მისი ბრწყინვალე ვარდნის დამსახურებაა, რომ ენფილდზე ანგარიში ვირჯილ ვან დეიკმა არ გახსნა. არავინ იცის, როგორ განვითარდებოდა მოვლენები ლივერპულის დაწინაურების შემთხვევაში.
ვილიამ სალიბა - მიკელ არტეტას გუნდი ერთადერთი იყო რვა გუნდთაგან, რომელმაც გოლი არცერთ მეოთხედფინალურ შეხვედრაში გაუშვა. ფრანგი ცენტრალური მცველი ორივე მატჩში სოლიდურად გამოიყურებოდა.
დაიო უპამეკანო - მიუხედავად იმისა, რომ ფრანგ ცენტრალურ მცველს, ორივე მატჩის განმავლობაში რამოდენიმე შეცდომა ჰქონდა, ძირითადად მაინც შეძლო მბაპე-ვინისიუსის დუეტის წინააღმდეგ თავის გამოჩენა. ფრანგის უდიდესი წვლილი მიუძღვის ჰარი კეინის გამათანაბრებელ გოლში. ჩაჭრილი ბურთი, უკან ჩამოტოვებული ვინი და ბრწყინვალე საგოლე გადაცემა.
ცენტრალური ნახევარმცველები
ვიტინია და ჟოაო ნევეში - პარიზელთა ნახევარდაცვის მომაკვდინებელმა დუეტმა არც ამჯერად დაუთმეს ვინმეს მოედნის ცენტრის მბრძანებლობა. პორტუგალიელები ყველგან იყვნენ და არაერთი ლამაზი მომენტიც შემოგვთავაზეს. პარიზში გამართულ დაპირისპირებაში გამოსარჩევი იყო ჟოაოს ბრწყინვალე საგოლე გადაცემა, რითაც ხვიჩა კვარაცელიამ ისარგებლა.
ფლანგის ნახევარმცველები
ლამინე იამალი - მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდა ვარსკვლავის ბარსელონა ტურნირს გამოეთიშა, იამალი ორივე მატჩის განმავლობაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო მოედანზე. უამრავი ულამაზესი დრიბლინგი თუ შექმნილი საგოლე შანსი. სწორედ ლამინემ გახსნა ანგარიში არშემდგარ “რემონტადაში” და რომ არა ხუან მუსო, შესაძლოა მისი ბრწყინვალე ასისტით გასულიყო ბარსა ნახევარფინალში.
ხვიჩა კვარაცხელია - ჩელსისთან გაბრწყინების შემდეგ კვარამ არც მერსისაიდელები დაინდო. პარიზში გამართულ დაპირისპირებაში, ქართველი უდავოდ საუკეთესო იყო მოედანზე. კვარამ ჩემპიონთა ლიგის ამ გათამაშების ერთ-ერთი მშვენება შემოგვთავაზა, ხოლო საპასუხო მატჩში დემბელეს გოლზე მიითვალა საგოლე გადაცემა.
შემტევები
მაიკლ ოლისე - MR. ნონჩალანტმა ნამდვილი ორმატჩიანი შოუ მოაწყო მადრიდის რეალის წინააღმდეგ. უშეცდომო თამაშს ბერნაბეუზე საგოლე გადაცემა, ხოლო საპასუხო მატჩში ულამაზესი გოლი დაუმატა. ფრანგმა საბოლოო წერტილი დასვა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოც დამსახურებულად დაისაკუთრა.
ჰარი კეინი - ოქროს ბურთის მთავარ პრეტენდენტს არც მადრიდის რეალთან შეხვედრები დაუტოვებია გოლების გარეშე. ინგლისელმა ბერნაბეუზე გამარჯვების, ხოლო ალიანს არენაზე გამათანაბრებელი გოლები გაიტანა. ეს უკანასკნელი კეინისთვის 50-ე გოლი იყო ამ სეზონში. ჰარი არც უკნიდან თამაშზე თაკილობს, სწორედ მის პასს მოჰყვა ოლისეს შედევრი.
ანტუან გრიზმანი - პატარა პრინცს ბოლო ევროპული სეზონის ზღაპრულად დასრულების შანსი აქვს. ანტუანი დღესაც ჩოლოს გუნდის საკვანძო ფიგურაა და ეს ყველაფერი ბრწყინვალედ გამოჩნდა ბარსელონასთან ორმატჩიან დუელში. განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო მეტროპოლიტანოზე გამართულ მატჩში. მარტო ლორენტეზე გაყოლებული პასი რად ღირს, რომელსაც ორმატჩიანი დუელის გადამწყვეტი გოლი მოჰყვა.

ნიკოლოზ კვარაცხელია
კომენტარები