ბარსელონას ჩემპიონთა ლიგიდან გამოთიშვამ ატლეტიკო მადრიდთან დაპირისპირებაში კრიტიკის დიდი ტალღა გამოიწვია.
ყველაზე მკაცრი კი საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფორვარდი, 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონი კრისტოფ დუგარი აღმოჩნდა. მან 18 წლის ტალანტის, ლამინ იამალის მისამართით ნამდვილი ვერდიქტი გამოიტანა.
„რომელ სამყაროში ცხოვრობ, ბიჭო?“
დუგარიმ RMC Sport-ის ეთერში განაცხადა, რომ იამალის ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟი გადაჭარბებულია. მისი თქმით, ახალგაზრდა ფეხბურთელი ბევრს საუბრობს, თუმცა მოედანზე სათანადო შედეგს ვერ აჩვენებს.
„თუ აპირებ ბევრი ილაპარაკო, დარწმუნდი, რომ შენს გუნდს მოგება შეუძლია. რომელ სამყაროში ცხოვრობ, ბიჭო? რეალურ სამყაროში შენ არაფერს აკეთებ,“ - აღნიშნა დუგარიმ, რომელმაც თავის დროზე ბარსელონასა და მილანშიც ითამაშა.
ეჭვები მსოფლიო კლასის სტატუსზე
მიუხედავად იმისა, რომ იამალმა ატლეტიკოსთან განმეორებით მატჩში მე-4 წუთზე გოლი გაიტანა, დუგარის აზრით, ის ყველაზე კრიტიკულ მომენტში მოედანზე უბრალოდ გაქრა. მან იამალის თამაში უსმან დემბელეს შეადარა და აღნიშნა, რომ ახალგაზრდა ესპანელი ელიტარული ფეხბურთელების დონემდე ჯერ კიდევ ვერ მივიდა.
„მან მე-4 წუთზე გაიტანა. მერე რა? მან დაამტკიცა, რომ ოქროს ბურთისთვის ბრძოლაში არ არის. დემბელე აუცილებლად გაიტანდა კიდევ რამდენიმე გოლს. პატარა ლამინს ჰქონდა თავისი დიდების წამი და მეტი არაფერი. ცხადია, მას აქვს ნიჭი, მაგრამ ის ძალიან შორს არის მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეებისგან,“ - დასძინა ფრანგმა.
გაზვიადებული ეგო
დუგარი მიიჩნევს, რომ იამალის მიმართ გამოხატულმა გადამეტებულმა ქებამ მის მენტალიტეტზე უარყოფითად იმოქმედა. მისი თქმით, ბარსელონას ევროპული კრახი პირდაპირ კავშირშია იამალის თავმდაბლობის ნაკლებობასა და დაბალ პროდუქტიულობასთან.
„სულაც არ ვარ დარწმუნებული, რომ ბარსელონა ატლეტიკოსთან გასვლას იმსახურებდა, თუ გავითვალისწინებთ ლამინ იამალის თამაშს. მას გაზვიადებული ეგო აქვს,“ - განაცხადა დუგარიმ.