მიკელ არტეტას ფეხბურთელების მოტივირებისთვის არაორდინალური მეთოდების გამოყენება ჩვევად ექცა. ნათურები, კალმები და ლივერპულში სტუმრობის წინ „You'll Never Walk Alone“-ის ხმამაღლა ჩართვა - ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ ხერხებისა, რომლებსაც არსენალის მწვრთნელი უპირატესობის მოსაპოვებლად მიმართავს.
გავრცელებული ინფორმაციით, ოთხშაბათს, სპორტინგთან ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალური მატჩის წინ, არტეტამ უფრო პირდაპირი მიდგომა აირჩია. The Athletic-ის ცნობით, ესპანელმა ლონდონ კოლნის საწვრთნელ ბაზაზე გამართული შეხვედრისას, ფეხბურთელების თვალწინ ნამდვილი ცეცხლი დაანთო, რათა თავისი სათქმელი უფრო ეფექტურად მიეტანა გუნდამდე.
ჰქონდა თუ არა ამას სასურველი შედეგი, სადავოა, რადგან პრემიერ ლიგის ლიდერებმა საკუთარ მოედანზე პორტუგალიელებთან მხოლოდ უგოლო ფრე ითამაშეს. არტეტას შესაძლოა კიდევ ერთი ფოკუსი დასჭირდეს მანჩესტერ სიტისთან უმნიშვნელოვანესი მატჩის წინ, სადაც მეტოქეს გამარჯვების შემთხვევაში სხვაობის სამ ქულამდე შემცირება შეუძლია.