მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
18 მარტი ქართული ფეხბურთისთვის გამოსარჩევი დღეა. ამ დღეს 3 მნიშვნელოვანი ფიგურა დაიბადა, რომელთაც სხვადასხვა დროს საქართველოს ნაკრების წარმატებასა თუ ღირსეულად წარმოჩენაში დიდი როლი აქვთ ნათამაშები. საუბარი გვაქვს თემურ ქეცბაიაზე, ჯაბა კანკავასა და ვილი სანიოლზე.
თემურ ქეცბაია 1968 წლის 18 მარტს გალში დაიბადა. მან პროფესიონალური კარიერა 1986 წელს სოხუმის დინამოში დაიწყო, 1987 წელს კი თბილისის დინამოში გააგრძელა კარიერა.
ქეცბაიამ დედაქალაქურ გუნდთან ერთად საქართველოს ჩემპიონატი 2-ჯერ მოიგო, 1992 წელს კი კარიერა კვიპროსულ ანორთოსისში გააგრძელა.
ქეცბაიას კარიერაში მნიშვნელოვანი ეტაპი 1994 წელს დაიწყო, როცა ასპარეზობა ათენის აეკში გააგრძელა, სადაც მან საბერძნეთის თასი (2-ჯერ) და სუპერ თასი მოიგო.
1997 წელს, 29 წლის ასაკში თემურმა ოცნება აისრულა და კარიერა ინგლისის პრემიერ ლიგაში, კერძოდ ნიუკასლში გააგრძელა.
ქეცბაიას ნიუკასლის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გოლი ეკუთვნის. ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე დინამო ზაგრებთან დამატებით ტაიმებში ქართველის გატანილი გოლით კაჭკაჭებმა ისტორიაში პირველად მოიპოვეს ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის საგზური.
თუმცა ამის მიუხედავად, უფრო მეტს ქეცბაია ალბათ ბოლტონთან მისი გოლის აღნიშვნის გამო ახსოვს, რომელიც პრემიერ ლიგის ისტორიას სამუდამოდ შემორჩა.
ნიუკასლის შემდეგ ქართველმა თითო სეზონი ვულვერჰემპტონსა და დანდიში გაატარა, 2002 წელს კი ანორთოსისში დაბრუნდა, სადაც 2007 წელს საფეხბურთო კარიერა დაასრულა კიდეც და სამწვრთნელო ასპარეზობა დაიწყო.
2004-05 წლების სეზონში ქეცბაიამ ანორთოსისთან ერთად კვიპროსის ჩემპიონატი მოთამაშე-მწვრთნელის რანგში მოიგო, 2007-08 სეზონში კი უკვე მთავარი მწვრთნელის როლში მოაგებინა გუნდს ქვეყნის პირველი დივიზიონი.
ნიუკასლის მსგავსად თემური ანორთოსისის ისტორიაშიც ოქროს ასოებით არის ჩაწერილი. 2008-09 წლების სეზონში მისი მწვრთნელობით გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა, რითიც ანორთოსისი გახდა კვიპროსის პირველი წარმომადგენელი ამ ტურნირზე.
ქეცბაია 5 წლის განმავლობაში, 2009-დან 2014 წლამდე საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელიც იყო. მის თავკაცობას უკავშირდება ქართული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი დასამახსოვრებელი გამარჯვება, 2011 წლის 26 მარტს, ხორვატიის ნაკრების წინააღმდეგ.
ქართველი სპეციალისტი ბოლოს კვიპროსის ნაკრებს წვრთნიდა, თუმცა გასული წლის სექტემბერში მხარეების თანამშრომლობა დასრულდა.
თემურ ქეცბაია საქართველოს ნაკრებში 1990-დან 2003 წლამდე თამაშობდა და 52 შეხვედრაში 17 გოლის გატანა შეძლო. ის 1990 და 1997 წლებში საქართველოს წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
ჯაბა კანკავა 1986 წლის 18 მარტს თბილისში დაიბადა. მან პროფესიონალური კარიერა დინამო თბილისში დაიწყო, რომლის შემადგენლობაშიც 2003-04 წლების სეზონში უეფას თასზე ითამაშა.
შემდეგ ჯაბამ კარიერა უცხოეთში გააგრძელა. ყველაზე წარმატებული პერიოდი დნიპროპეტროვსკის დნიპროს უკავშირდება, რომლის წევრიც ქართველი 2007-15 წლებში იყო.
უკრაინულ გუნდთან ერთად კანკავა 2015 წელს უეფას ევროპა ლიგის ფინალში გავიდა, სადაც სევილიასთან დამარცხდა.
ამის შემდეგ მან საფრანგეთის ლიგა 1-ს მიაშურა და რეიმსში იასპარეზა, სადაც 3-ჯერ თვის საუკეთესო მოთამაშედაც დასახელდა და გუნდის სეზონის საუკეთესო მოთამაშეც გახდა.
2021-დან 2024 წლამდე კანკავა სლოვან ბრატისლავას ღირსებას იცავდა გურამ კაშიასთან ერთად, სადაც მათ სლოვაკეთის ჩემპიონატი 3-ჯერ მოიგეს.
გასული წლის ბოლოს დადასტურდა, რომ ქართველი ნახევარმცველი 20 წლის შემდეგ დინამო თბილისში ბრუნდებოდა, სადაც მან თავისი პირველი მატჩები საქართველოს ჩემპიონატში უკვე ჩაატარა.
ჯაბა ეროვნულ ნაკრებში 2004 წლიდან ასპარეზობდა 2012 წლიდან კი ის გუნდის კაპიტანიც გახდა, მან სამკლაური 62-ჯერ მოირგო.
2022 წელს კანკავამ სანაკრებო კარიერის დასრულება გადაწყვიტა, თუმცა 2024 წლის მარტში ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო პლეიოფის მატჩებისთვის ვილი სანიოლმა ის მაინც გამოიძახა. ფრანგ სპეციალისტს ის გერმანიაში, ევრო 2024-ზეც მიჰყავდა, თუმცა კანკავამ პირადი გადაწყვეტილება მიიღო და ევროპის ჩემპიონატზე თამაშზე უარი თქვა.
მიუხედავად ევროპის ჩემპიონატზე ართამაშისა, კანკავამ სხვა მოთამაშეების მსგავსად პრეზიდენტისგან ღირსების ორდენი მიიღო.
ჯამში ნახევარმცველს ნაკრებში ჩატარებულ 101 მატჩში 10 გოლი აქვს გატანილი.
ვილი სანიოლი 1977 წლის 18 მარტში საფრანგეთის ქალაქ, სენტ-ეტიენში დაიბადა, სადაც დაიწყო კიდეც მისი პროფესონალური კარიერა.
საფრანგეთში ნათამაშები 5 წლის შემდეგ ფრანგმა მარჯვენა მცველმა 200 წელს მიუნხენის ბაიერნს მიაშურა, სადაც 9 წელი იასპარეზა და 2009 წელს კარიერა დაასრულა კიდეც.
სანიოლი გერმანული კარიერის დროს 5-ჯერ გახდა ბუნდესლიგის გამარჯვებული, 4-ჯერ გერმანიის თასის მფლობელი, 2000-01 წლების სეზონში კი რეკორდმაისტერთან ერთად ჩემპიონთა ლიგაც მოიგო.
ვილი საფრანგეთის ნაკრებში 2000-დან 2008 წლამდე ასპარეზობდა და ეროვნული გუნდის ღირსება 58-ჯერ დაიცვა. ის 2006 წელს მამლებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატის ფინალისტი გახდა, სადაც ტიტული იტალიას დარჩა.
საფრანგეთის ახალგაზრდულ ნაკრებში, ბორდოსა და მიუნხენის ბაიერნში მუშაობის შემდეგ სანიოლი 2021 წელს საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა და საბოლოოდ ქართული ფეხბურთის ისტორიაში ოქროს ასოებითაც ჩაეწერა.
ფრანგმა სპეციალისტმა 2024 წლის მარტში საბერძნეთთან პენალტების სერიაში გამარჯვებით საქართველოს ეროვნული ნაკრები ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე გაიყვანა.
ევრო 2024-ზე მომხდარი ამბები კი ცალკე ისტორიაა. სანიოლის თავკაცობით საქართველომ ჯგუფურ ეტაპზე პორტუგალიის ნაკრები დაამარცხა და დებიუტანტი გუნდი 1/8 ფინალში გავიდა, სადაც მომავალში ევროპის ჩემპიონ ესპანეთთან დამარცხდა.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები