2026 წლის ოქროს ბურთის საბოლოო რეიტინგმა საფეხბურთო სამყაროში დიდი კამათი გამოიწვია.
მთავარი ჯილდო ჰარი კეინმა მოიპოვა, თუმცა ესპანური გამოცემა AS წერს, რომ გამარჯვებულის მიღმა გადანაწილებული პოზიციები მოლოდინებს სრულად აცდა.
ქართველი გულშემატკივრისთვის განსაკუთრებით საინტერესო ხვიჩა კვარაცხელიას შედეგია, რომელმაც მეექვსე პოზიცია დაიკავა. ესპანელი ჟურნალისტების აზრით, პარი სენ-ჟერმენის ევროპულ წარმატებაში შეტანილი წვლილის გათვალისწინებით, ის გაცილებით უკეთეს ადგილს იმსახურებდა.
ათეულს მიღმა აღმოჩნდა მადრიდის რეალის ვარსკვლავი ჯუდ ბელინგემი (მე-11 ადგილი), რამაც დიდი გაკვირვება გამოიწვია, რადგან მას მსოფლიო ჩემპიონატზე 7 გოლი ჰქონდა გატანილი.
სოციალურ ქსელებში მწვავედ გააკრიტიკეს ბარსელონას მცველის, პაუ კუბარსის მე-12 პოზიციაც.
რეიტინგში მეშვიდე ადგილზე გავიდა უსმან დემბელე, მერვეზე ერლინგ ჰოლანდი, მეცხრე კი ბაიერნის შემტევი მაიკლ ოლისე გახდა.
მიუხედავად ზედიზედ მეორე ჩემპიონთა ლიგის მოგებისა,პსჟ-ს პორტუგალიელი ნახევარმცველი ვიტინია მხოლოდ მე-14 ადგილს დასჯერდა (შარშან ის მესამე იყო).
ყველაზე დიდი უკმაყოფილება კი ბარსელონას ლიდერის, რაფინიას 30 ნომინანტს მიღმა დატოვებას მოჰყვა. ფანებისა და ექსპერტების შეფასებით, ბრაზილიელმა გასული სეზონი უმაღლეს დონეზე ჩაატარა და მისი სიის მიღმა დატოვება ხმის მიცემის კრიტერიუმებთან დაკავშირებით ბევრ კითხვას აჩენს. ამავე მიზეზით გააკრიტიკეს პედრისა და უნაი სიმონის ნომინანტთა სიიდან ამოვარდნაც.