-
Aa
+
ფონტის ზომა
33 წლის ინგლისელმა ფეხბურთელმა პრესტიჟული ჯილდო 2025/26 წლების სეზონში ნაჩვენები გამორჩეული თამაშის წყალობით მოიპოვა. მან კლუბისა და ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ჯამში 73 გოლი გაიტანა.
ჯილდოს მიღების შემდეგ ინგლისის ნაკრების კაპიტანმა სცენიდან დამსწრე საზოგადოებას მიმართა, მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც მას ხმა მისცა და ამ განსაკუთრებული მომენტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„სიტყვები არ მყოფნის. ის ფაქტი, რომ აქ, ლონდონში ვიმყოფები, ამ მომენტს კიდევ უფრო განსაკუთრებულს ხდის. ეს ჩემთვის დღეს კარგი ნიშანი აღმოჩნდა. მადლობა ყველას, ვინც ხმა მომცა. წარმომიდგენია, რამდენად რთული იყო წელს არჩევანის გაკეთება.
დღეს დარბაზში მსოფლიო დონის ფეხბურთელები იმყოფებიან. ვულოცავ ყველა გამარჯვებულსა და ნომინანტს. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, თუ რისი მიღწევაა შესაძლებელი მონდომებითა და თავდაუზოგავი შრომით."
ამის შემდეგ კეინმა მადლობა გადაუხადა ბაიერნის თანაგუნდელებსა და მთავარ მწვრთნელ ვინსენტ კომპანის, რომელმაც პარასკევს გონება დაკარგა, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, მისი მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია.
„თქვენ გარეშე, ჩემო თანაგუნდელებო, და მთლიანად გუნდის გარეშე ეს შეუძლებელი იქნებოდა. ის, თუ როგორ მიბიძგებთ უკეთ თამაშისკენ და როგორ ვეჯიბრებით ერთმანეთს, ძალიან მნიშვნელოვანია. დიდი მადლობა ყველას.
ვინისაც (ვინსენტ კომპანის) მინდა მივმართო. ვიცი, რომ სახლშია ან შესაძლოა ჯერ კიდევ საავადმყოფოში იმყოფება. მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. იმედი მაქვს, ამ გამარჯვებამ ცოტაოდენი ენერგია მაინც შემატა.
მადლობა სამწვრთნელო შტაბის თითოეულ წევრს. ის, თუ როგორ ვვარჯიშობთ და როგორ გვიბიძგებთ მუდმივი პროგრესისკენ, თქვენი დამსახურებაა.
მას შემდეგ, რაც თქვენთან ერთად ვმუშაობ, გავუმჯობესდი როგორც ფეხბურთელი, როგორც ადამიანი და როგორც ლიდერი. ეს თქვენი ხელმძღვანელობის დამსახურებაა.
ჩემთვის დიდი პატივია მიუნხენის ბაიერნში თამაში. ამ კლუბის წარმომადგენლობა ნამდვილი პრივილეგიაა. მიხარია, რომ ეს ჯილდო მიუნხენის ბაიერნში მიმაქვს“.
შემდეგ კეინმა ემოციური სიტყვებით მიმართა ინგლისის ნაკრების თანაგუნდელებს და გაიხსენა მათთან ერთად განვლილი გზა და ის განსაკუთრებული ურთიერთობა, რომელიც გასული წლის განმავლობაში ჩამოყალიბდა.
„ჩემს თანაგუნდელებს ინგლისის ნაკრებიდანაც იმავეს ვეტყვი. განსაკუთრებული წელი გვქონდა. იდეალური არ ყოფილა, თუმცა ბევრი შესანიშნავი მომენტი გამოვიარეთ.
ჩვენ შორის განსაკუთრებული კავშირი ჩამოყალიბდა. მსოფლიო ჩემპიონატის დროს სასტუმროში ერთად გატარებული დრო და გუნდში არსებული ერთიანობა დაუვიწყარი იყო.
ჩემთვის უდიდესი პატივია, რომ თქვენი კაპიტანი ვარ და ამ გუნდს ვხელმძღვანელობ. ეს უდიდესი სიამაყით მავსებს. ეს ჯილდო ნამდვილად ყველა ჩვენგანს ეკუთვნის“.
ინგლისის ნაკრების კაპიტანმა ასევე შეაქო თომას ტუხელი და მისი სამწვრთნელო შტაბი ლიდერობისა და იმ მაღალი სტანდარტებისთვის, რომლებიც ეროვნულ გუნდში დაამკვიდრეს.
„თომას ტუხელსა და ინგლისის ნაკრების სამწვრთნელო შტაბსაც მადლობა მინდა გადავუხადო. თქვენი ლიდერობა, ის, თუ როგორ გვიბიძგებთ წინსვლისკენ და როგორ გვაიძულებთ მაღალი სტანდარტების დაცვას, აღფრთოვანებას იმსახურებს“.
ამის შემდეგ კეინმა მადლობა თავის ყოფილ კლუბს, ლონდონის ტოტენჰემსაც გადაუხადა.
„მადლობა ტოტენჰემსაც. დღეს აქ ვერ ვიდგებოდი, რომ არა ეს კლუბი. ყველა რჩევამ, ყველა მწვრთნელმა და იმ შესაძლებლობებმა, რომლებიც მომეცით, საშუალება მომცა, ჩემი ოცნება ამეხდინა.
ყველა იმ მომენტმა, აღმავლობამ თუ დაღმასვლამ, რომელიც კარიერის განმავლობაში გამოვიარე, საბოლოოდ აქამდე მომიყვანა“.
კეინმა მადლიერება გამოხატა ბაიერნის, ინგლისის ნაკრებისა და ტოტენჰემის გულშემატკივრების, ასევე მთელი მსოფლიოს მასშტაბით მისი მხარდამჭერების მიმართ, რომლებიც კარიერის განმავლობაში გვერდში ედგნენ.
„მადლობა ყველა გულშემატკივარს, ბაიერნის, ინგლისის ნაკრების, ტოტენჰემის ქომაგებსა და ჩემს მხარდამჭერებს მთელი მსოფლიოდან.
ძალიან მიყვარხართ. თქვენი მხარდაჭერა ჩემთვის წარმოუდგენლად მნიშვნელოვანია და ყველაფერს ვაფასებ.
მახსოვს დრო, როცა თავადაც უბრალოდ გულშემატკივარი ვიყავი. ეს არც ისე დიდი ხნის წინ იყო. კარგად ვიცი, რას ნიშნავს ფეხბურთის თამაში. ეს ჩემი ოცნება იყო.
ყოველთვის, როცა შესაძლებლობა მაქვს, თქვენი სიყვარულისა და მხარდაჭერის სანაცვლოდ რაღაც დაგიბრუნოთ, ჩემთვის ეს დიდი პატივი და პრივილეგიაა."
33 წლის ფეხბურთელმა ასევე გაიხსენა მწვრთნელები, რომლებმაც მისი კარიერის სხვადასხვა ეტაპზე მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს. მან ხაზი გაუსვა იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია გარშემო მყოფი ადამიანებისგან სწავლა.
„თითოეულმა თქვენგანმა ჩემი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე ჩემს განვითარებაში დიდი როლი ითამაშა. თქვენ გარეშე დღეს აქ ვერ ვიდგებოდი. თქვენგან ძალიან ბევრი რამ ვისწავლე.
როცა გარშემო საუკეთესო ადამიანები გყავს, ეს გეხმარება, გახდე უკეთესი როგორც პიროვნება, ისე ფეხბურთელი“.
სიტყვის დასასრულს კეინმა ემოციური მადლობა გადაუხადა ოჯახის წევრებს, განსაკუთრებით კი მეუღლეს, ქეითს.
„ჩვენ ეს შევძელით! შენ ყოველთვის საუკეთესო გინდოდა ჩემთვის და საკუთარ სურვილებსა და ინტერესებს თმობდი, რათა ჩემი და ჩვენი ოცნებები აგვესრულებინა. შენ გარეშე ეს შეუძლებელი იქნებოდა.
დიდი მადლობა. ვიცი, რამდენად დიდ მხარდაჭერას მიწევ. ყველა ამ ემოციას ერთად განვიცდით. კარგად ვიცი, რამდენად მეხმარები მოედნის მიღმა, რათა მოედანზე საუკეთესო თამაში შევძლო.
ჩემი ძმა ჩარლი... თითქოს სულ ცოტა ხნის წინ იყო, როცა ეზოში ერთად ვთამაშობდით ფეხბურთს. მაშინ ფეხბურთზე ვიყავით შეყვარებულები. ვიცი, ყოველთვის ამბობ, რომ შენი საფეხბურთო ნიჭი მე გადმომეცი, ამიტომ ამისთვისაც მადლობა."
შემდეგ ინგლისელმა თავდამსხმელმა მშობლებს მიმართა:
„დედა და მამა, რა განსაკუთრებული მომენტია! მთელი ეს წლები, თქვენი თავგანწირვა და მხარდაჭერა... ვარჯიშებზე დაგყავდით, ჩემს თამაშებზე მოდიოდით და ყოველთვის გვერდში მედექით.
არ ჰქონდა მნიშვნელობა, სად ვთამაშობდი. დღემდე ასეა, თქვენ ყოველთვის ჩემ გვერდით ხართ.
ყველა ის თვისება, რომელიც თქვენგან შევიძინე, დამეხმარა წარმატების მიღწევაში და იმაში, რომ დღეს აქ ვიდგე.
ჩემს შვილებსაც მინდა მივმართო, რომლებიც ახლა სახლიდან მიყურებენ, უკვე ძილის დრო გადაგიცდათ!
თქვენ ხართ მიზეზი, რის გამოც ამ ყველაფერს ვაკეთებ. ეს ჯილდო განსაკუთრებით თქვენთვისაა. ერთი სული მაქვს, როდის გნახავთ და ერთად აღვნიშნავთ ამ გამარჯვებას. ძალიან მიყვარხართ.
ჩემი მეუღლე ქეითი, ჩემი საუკეთესო მეგობარი... შენ ჩემი ყველაზე დიდი მხარდამჭერი ხარ. ჩვენ ეს შევძელით!
შენ ყოველთვის საუკეთესო გინდა ჩემთვის. საკუთარ სურვილებსა და ინტერესებს თმობ, რათა ჩემი ოცნებების ასრულებაში დამეხმარო. შენ გარეშე ეს ყველაფერი შეუძლებელი იქნებოდა“.
ჰარი კეინმა ოქროს ბურთისთვის ბრძოლაში კილიან მბაპე და ლამინ იამალი დაამარცხა, რომლებიც შესაბამისად მე-2 და მე-3 ადგილებზე გავიდნენ.

თაზო ჩარკვიანი
კომენტარები