MotoGP-ში მოტულის გრან პრი გაიმართა, რომლის გამარჯვებულიც ფრანჩესკო ბანაია (დუკატი) გახდა.
მეორე ადგილზე კი მარკ მარკესი (დუკატი) გავიდა, რომელმაც MotoGP-ის მსოფლიო ჩემპიონობა კარიერაში მეშვიდედ მოიპოვა და ამით სპორტის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი დაბრუნება შემოგვთავაზა. მარკესის წინა და ახლანდელ ჩემპიონობას შორის სხვაობა 2184 დღე არის, ამ პერიოდში კი ესპანელმა ძალიან ბევრი რამ გადაიტანა.
მარკმა MotoGP-ის პირველი 6 ჩემპიონობა 2013, 2014, 2016, 2017, 2018 და 2019 წლებში მოიპოვა. ამასთან 2010 წელს 125cc-ის, ხოლო 2012 წელს Moto 2-ის ჩემპიონიც გახდა.
ამის შემდეგ კი მარკესმა 2020 წელს ხელი მოიტეხა და ასე დაიწყო ყველაზე გრძელი გზა სპორტულ მწვერვალზე დაბრუნებისკენ. თუ ადრე მარკესის წარმატების გაგრძელება თითქოს ფორმალობად ჩანდა, იმ 2184 დღის განმავლობაში, რაც ბოლოს მსოფლიო ჩემპიონი გახდა, ყველაფერი სხვაგვარად იყო.
სამი გუნდი, ორი მწარმოებელი, მრავალი ოპერაცია, ორმაგი ხედვა, მხრის ტრავმა, ხელის ტრავმა. თვეები თამაშგარეთ. კარიერის გადამრჩენი ოპერაციისკენ ძალების სრულად მიძღვნა. ასობით დღის შემდეგ გამარჯვებებით დაბრუნება და ახლა - მოგებული ჩემპიონატი, რომელიც მას MotoGP-ის შვიდგზის მსოფლიო ჩემპიონს ხდის.
მარკესმა ამ სეზონში 11 რბოლა მოიგო და ჯამში 15-ჯერ იყო პოდიუმზე, საერთო ჩათვლაში კი 541 ქულით გახდა ჩემპიონი. მარკის მდევარი მისი ძმა, ალექსი იყო, რომელმაც 2 რბოლა მოიგო და 9-ჯერ იყო პოდიუმზე.
32 წლის ესპანელი მოტოსპორტის იმ ხუთ ლეგენდას შეუერთდა, რომელსაც მინიმუმ 9 ჩემპიონობა აქვს მოპოვებული:
ჯაკომო აგოსტინი - 15
ანხელ ნიეტო - 13
კარლო უბიალი, მაიკ ჰეილვუდი, ვალენტინო როსი, მარკ მარკესი - 9