ფიფას საპრეზიდენტო არჩევნებამდე სულ რაღაც 4 დღე რჩება და ევროპულმა ფეხბურთმა მთავარი კანდიდატი დაკარგა. არსენ ვენგერმა მოქმედი პრეზიდენტის, ჯანი ინფანტინოს წინააღმდეგ ბრძოლაზე უარი საბოლოოდ თქვა.
ბრიტანული მედიის ინფორმაციით, 77 წლის ფრანგ სპეციალისტს არჩევნებში მონაწილეობისკენ საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონიც კი მოუწოდებდა, თუმცა უშედეგოდ. უეფას სწორედ ვენგერი მიაჩნდა იმ ფიგურად, რომელსაც ინფანტინოს დამარცხება შეეძლო, მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად ფიფაში ფეხბურთის გლობალური განვითარების დეპარტამენტს სწორედ ვენგერი ხელმძღვანელობს.
მოქმედი პრეზიდენტის პოზიციები ევროპაში (განსაკუთრებით ინგლისის ფეხბურთის ასოციაციაში) შერყეულია, თუმცა თავად ინფანტინო აცხადებს, რომ აზიის, აფრიკისა და სამხრეთ ამერიკის სრული მხარდაჭერა აქვს.
ვენგერის უარის შემდეგ, უეფას ახალი გეგმის შესამუშავებლად დრო ფაქტობრივად აღარ რჩება. ამ დროისთვის ინფანტინოს წინააღმდეგ კენჭისყრას მხოლოდ ფიფას საბჭოს იაპონელი წევრი კოზო ტაშიმა და ტოტენჰემის ყოფილი მცველი რამონ ვეგა გეგმავენ, თუმცა ფიქრობენ, რომ სერიოზული წინააღმდეგობის გაწევას ვერცერთი შეძლებს.