ჟენევაში 250-იანი ტურნირის მოგების შემდეგ, ნოვაკ ჯოკოვიჩმა კარიერული ტიტულების რაოდენობა 100-მდე დაამრგვალა.
მიღწევა ნამდვილად ფენომენალურია, მაგრამ არა რეკორდული. პროფესიონალურ ჩოგბურთში კიდევ ხუთი ჩოგბურთელი გვყავს, ვისაც 100 ან მეტი ტიტული აქვს მოგებული
როჯერ ფედერერი - 103

შვეიცარიელმა, რომელმაც კარიერა სამი წლის წინ დაასრულა, ციფრებით ნოვაკთან თითქმის ყველა დიდი რეკორდი დათმო, თუმცა ეს - ჯერჯერობით არა. ალბათ, არც ისე დიდი ხნით. The Tennis Podcast-ზე ისიც კი იხუმრეს, რომ სერბი სწორედ ამ რეკორდს უმიზნებს, რათა ფედერერს აბსოლუტურად ყველაფერი წაართვას.
შტეფი გრაფი - 107

უკანასკნელი ქალი, რომელმაც 100-ტიტულიან ნიშნულს მიაღწია. გრაფის ბოლო 8 ტიტულიდან ორი გრენდ სლემი იყო და ერთი ინდიან უელსის მასტერსი.
ჯიმი კონორსი - 109

ამერიკელი მოგებული ტიტულებითა და მატჩებით რეკორდსმენია, თუმცა ჩატარებული და მოგებული სლემების პროცენტი მას საკმაოდ დაბალი აქვს - 10%-ზე ოდნავ მეტი. ბოლო მატჩი მან მოგებული ტიტულიდან ექვს წელიწადში ჩაატარა.
კრის ევერტი - 157

კრის ევერტი იყო არამხოლოდ რაფა ნადალის დონის თიხის მეფე, არამედ პირველი ქალი ჩოგბურთში, რომელმაც რეკლამით მილიონები იშოვა. მან სამ სხვადასხვა ათწლეულში შეძლო ტიტულების მოგება: 60, 70 და 80-იანებში. ევერტმა 230 ფინალი ითამაშა, საიდანაც 157 მოიგო, მათ შორის 18 სლემი.
მარტინა ნავრატილოვა - 167

ნავრატილოვა და ევერტი ერთმანეთის მთავარი კონკურენტები იყვნენ და ერთმანეთში WTA დონეზე 62 ფინალი გაითამაშეს (37-25 მარტინას სასარგებლოდ). ორივე მათგანმა კარიერა 18 სლემით დაასრულა, თუმცა საერთო ციფრებით წინ ნავრატილოვაა - არამხოლოდ ევერტზე, არამედ მთელ პროფესიონალურ ჩოგბურთზე.