-
Aa
+
ფონტის ზომა
მემფის დეპაი
მემფის დეპაი ერთ-ერთი იმ ფეხბურთელთაგანია, ვინც მუსიკას ფეხბურთთან ერთად წარმატებით უთავსებს. სხვადასხვა ტოპ კლუბში თამაშის პარალელურად, ის საკუთარ მუსიკალურ კარიერასაც დიდ ყურადღებას აქცევს. ნიდერლანდების ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირს არაერთი ტრეკი აქვს გამოცემული, მათ შორის Fall Back, These Days, Kings and Kingdoms და No Love.
სერხიო რამოსი
ბევრს ეგონა, რომ 2016 წელს გამოშვებული La Roja Baila მადრიდელთა კაპიტნის ერთჯერადი პროექტი იყო. იმავე წელს, ევროპის ჩემპიონატის მიმდინარეობისას, ეს სიმღერა ესპანეთის ნაკრების ოფიციალურ ჰიმნადაც იქცა. თუმცა სულ ცოტა ხნის წინ მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ სადებიუტო სინგლი Cibeles წარადგინა და მუსიკალურ კარიერას ოფიციალურად ჩაუყარა საფუძველი.
პიტერ ჩეხი
ლეგენდრული ჩეხი მეკარის დრამით გატაცება არც მისი საუკეთესო წლების დროს იყო შეუმჩნეველი. პეტრ ჩეხი დრამებზე დაკვრას მხოლოდ ჰობად არ აღიქვამს - მისთვის ეს კონცენტრაციის, სტრესის მოხსნისა და ფიზიკური კოორდინაციის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია. მისი თქმით, მუსიკა, რომელიც კიდურების სრული დამოუკიდებლობასა და სივრცით აღქმას მოითხოვს, პირდაპირ დაეხმარა რეაქციის სისწრაფისა და მოედანზე კონცენტრაციის გაუმჯობესებაში. საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ, ჩეხს ბევრად ხშირად ვხედავთ დასარტყამ ინსტრუმენტთან.
რაფაელ ლეაო
რაფაელ ლეაო მხოლოდ მოედანზე არ არის კრეატიული - მუსიკაც მისი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია. WAY 45-ის ფსევდონიმით პორტუგალიელი ფეხბურთელი რეგულარულად აქვეყნებს რეპ და ჰიპ-ჰოპ ტრეკებს. მილანის ვარსკვლავს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ მუსიკა მისთვის საკუთარი ემოციების გამოხატვისა და ფეხბურთისგან განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა.
ალექს ივობი
ალექს ივობი ერთ-ერთი პირველი მოქმედი პრემიერ ლიგის ფეხბურთელია, რომელმაც მუსიკალურ კარიერასაც სერიოზულად მიჰყო ხელი. ფულემისა და ნიგერიის ნაკრების შემტევმა ჯერ სადებიუტო ტრეკი Don't Shoot გამოუშვა, მოგვიანებით კი მეორე სინგლიც - What's Luv?, რომელშიც აფრო-სვინგისა და რეპის ელემენტებით აფრიკულ კულტურას მიაგო პატივი. როგორც თავად ამბობს, მუსიკა მისთვის ფეხბურთისგან განსხვავებული გზით საკუთარი თავის გამოხატვის საშუალებაა.
რუდ გულიტი
ფეხბურთი ლეგენდარული რუდ გულიტის ერთადერთი გატაცება არ ყოფილა - ჯერ კიდევ კარიერის ადრეულ ეტაპზე მან მუსიკასაც მოკიდა ხელი და 1984 წელს გამოუშვა ენერგიული ტრეკი Not the Dancing Kind. მოგვიანებით, მილანში გატარებული წარმატებული წლების შემდეგ, გულიტი ჯგუფ Revelation Time-ს შეუერთდა და ანტი-აპარტეიდულ სიმღერაში South Africa მიიღო მონაწილეობა.
ხულიო იგლესიასი
ხულიო იგლესიასი, რომელიც დღეს მსოფლიო მუსიკის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ რომანტიკოსად ითვლება, ოდესღაც ფეხბურთელიც იყო. ძნელი წარმოსადგენია, რომ ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის წინ ის მადრიდის „რეალის“ კასტილიას გუნდის მეკარე გახლდათ. ავტოკატასტროფის შემდეგ, რომელმაც ის ორი წლის განმავლობაში ეტლზე მიაჯაჭვა, იგლესიასმა კარიერის მიმართულება შეცვალა და მუსიკას მიუბრუნდა. ხულიო გახდა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მომღერალი, რომელმაც უდიდესი პოპულარობა და არაერთი პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა.

ნიკოლოზ კვარაცხელია
კომენტარები

