-
Aa
+
ფონტის ზომა
10. რიად მაჰრეზი vs პსჟ. 2021.
2020/21 წლების სეზონის პირველი ფინალისტის ბედი ერთმანეთში მანჩესტერ სიტიმ და პარი სენ-ჟერმენმა გაარკვიეს. ქალაქელებმა პსჟ ორივე მატჩში დაამარცხეს. გადამწყვეტი როლი ალჟირელმა ვინგერმა ითამაშა - ორი მატჩის ჯამში რიადმა პარიზელები სამჯერ დაამწუხრა. გამოსარჩევია მისი ბრწყინვალე გოლი საჯარიმო დარტყმიდან, რომელიც მაჰრეზმა კეილორ ნავასს პარკ დე ფრენსზე გაუტანა.
9. მანუელ ნოიერი vs მანჩესტერი. 2011.
მიუხედავად იმისა რომ ფერგის მანჩესტერ იუნაიტედმა შალკე არ დაინდო და ორი მატჩის ჯამში 6:1 გაანადგურა, ახალგაზრდა გერმანელმა მეკარემ ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო პერფორმანსი გვაჩუქა. შეუდარებელი იყო ნოიერი გელზენკირხენში გამართულ შეხვედრაში, რომელიც მანჩესტერელთა გამარჯვებით, 0:2 დასრულდა.
8. სერხიო რამოსი vs ბაიერნი. 2014.
კრიშტიანუ რონალდუს დუბლმა და გოლების რეკორდმა ბევრს დაავიწყა გუნდის კაპიტნის საოცარი პერფორმანსი. ბერნაბეუზე მშრალად შენახული კარის შემდეგ, რამოსმა ოც წუთში ორჯერ აიღო მანუელ ნოიერის კარი ალიანს არენაზე და ორი მატჩის ჯამში ფაქტობრივად ყველაფერი გადაწყვიტა. მიუნხენელებმა ვერც ამჯერად შეძლეს მადრიდელების კარის აღება.
7. ლამინე იამალი vs ინტერი. 2025.
ბარსელონა ინტერთან ორი მატჩის ჯამში დრამატულად, 6:7 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა. მილანელი მცველებისა და სრულიად მსოფლიოს ყურადღება 18 წლის ვარსკვლავისკენ იყო მიმართული - ლამინე იამალის შეჩერებას მხოლოდ იან სომერი და კარის ძელი თუ ახერხებდნენ. განსაკუთრებული იყო მისი გოლი კამპ ნოუზე გამართულ შეხვედარში.
6. კრიშტიანუ რონალდუ vs ატლეტიკო. 2017.
2016/17 წლების სეზონი ზედიზედ მეოთხე იყო როცა ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფში მადრიდული დერბი ვიხილეთ. წინა სამი შემთხვევის მსგავსად, გამარჯვება აქაც მადრიდის რეალს დარჩა - ბერნაბეუზე გამართულ შეხვედრაში რეალმა ჩოლოს გუნდი 3:0 გაანადგურა. რა თქმა უნდა სამივე გოლი Mr. ჩემპიონთა ლიგამ გაიტანა და ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე იკონური აღნიშვნაც შემოგვთავაზა. განმეორებით მატჩში დაწყებული რემონტადა ატლეტიკომ ბოლომდე ვერ მიიყვანა.
5. ლიონელ მესი vs მადრიდის რეალი. 2011
პეპი და ჟოზე ზედიზედ მეორე სეზონში შეხვდნენ ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში - ამჯერად ელ კლასიკოს ეგიდით. სანტიაგო ბერნაბეუზე გამართული პირველი დაპირისპირების ბედი არგენტინელმა მარსკვლავმა გადაწყვიტა. მესიმ მადრიდელთა კარი ორჯერ აიღო ათწუთიან მონაკვეთში და ორმატჩიან დუელში კატალონიელებს დიდი უპირატესობა მოუპოვა. არგენტინელის მეორე გოლის კი თამამად აქვს პრეტენზია გათამაშების ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესოობაზე.
4. ლუკას მოურა vs აიაქსი. 2019.
ამსტერდამ არენაზე გამართული საპასუხო მატჩის პირველი ტაიმი აიაქსმა 2:0 მოიგო - ორი მატჩის ჯამში ტოტენჰემი 0-3-ს მარცხდებოდა. ლონდონელები ერთი შეხედვით გამოუვალი მდგომარეობიდან ლუკას მოურამ გამოიყვანა - ერთ ტაიმში შესრულებული ჰეთ - თრიქი და დადუმებული იოჰან კრუიფ არენა. ისტორიული ქამბექით ბრაზილიელმა ტოტენჰემს პირველი ჩემპიონთა ლიგის ფინალი მოუტანა.
3. ალესანდრო დელ პიერო vs მონაკო. 1998
1997/98 წლების სეზონის ნახევარფინალში დელ პიეროს იუვე ტიერი ანრის მონაკოს დაუპირისპირდა და ორი მატჩის ჯამში 6:4 სძლია. იუვენტუსის ათიანმა ტურინელთა ექვსივე გოლში მიიღო მონაწილეობა - ოთხი თავად გაიტანა, ხოლო თითო-თითოჯერ ზიდანსა და ამორუსოს გაატანინა. განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო გოლი საჯარიმო დარტყმიდან და ბარტესის კარში გატანილი ულამაზესი ნახევრად - მაკრატელა.
2. რობერტ ლევანდოვსკი vs მადრიდის რეალი. 2013.
ზიგნალ იდუნა პარკზე ფავორიტის სტატუსით ჩასული მადრიდის რეალი რობერტ ლევანდოვსკიმ ოთხჯერ დაამწუხრა და გახდა ისტორიაში ერთადერთი, ვინც ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ მატჩში ოთხი გოლის გატანა მოახერხა. კრიშტიანუს გოლს პოლონელმა ერთმანეთზე ლამაზე გოლები დაუპირისპირა - იურგენ კლოპი გუნდმა 4:1 იმარჯვა. ბერნაბეუზე რემონტადა არ შედგა - გერმანელები ფინალში გავიდნენ.
1. კაკა vs მანჩესტერ იუნაიტედი. 2007.
ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალების ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო პერფორმანსი, თუ საუკეთესო არა, ბრაზილიელმა მაესტრომ, რიკარდო კაკამ შემოგვთავაზა. 2006/07 წლების სეზონის ფინალის ბედი ერთმანეთში მილანმა და მანჩესტერ იუნაიტედმა გაარკვიეს. ოლდ ტრაფორტზე გამართულ შეხვედრაში, მაყურებელმა მოედანზე რიკარდო კაკა და კიდევ ოცდაერთი ფეხბურთელი იხილა. ბრაზილიელმა პირველ ტაიმში ორჯერ აიღო ვან დერ სარის კარი. ფენომენალური იყო მეორე გოლი - ჰაინცეს თავზე გადატარებული ბურთი, თავით შეგდება, ერთმანეთს შეხეთქებული მცველები და აუღელვებელი ფინიში.
კაკას წარმოდგენა ოლდ ტრაფორტზე, მანჩესტესრის გამარჯვებით დასრულდა. 3:2. მილანში გამართულ საპასუხო მატჩში ანგარიში კაკამ მე-11 წუთზე, საჯარომოს გარედან დარტყმული ულამაზესი გოლით გახსნა. მილანმა 3:0 იმარჯვა. კაკამ როსონერი ჩემპიონთა ლიგის ფინალში დააბრუნა.

ნიკოლოზ კვარაცხელია
კომენტარები